რალფ ლორენი ის დიზაინერია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის იმპერია ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი ბრენდი ელიტური ამერიკული ცხოვრების სტილით განავითარა და რომლის ხედვაც უკვე მრავალი წელია ამერიკულ ელეგანტურობასა და კლასიკურობას გამოხატავს. დიზაინერი 1939 წელს ნიუ-იორკში, ბრონქსში, ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მისი კარიერული წინსვლა 1967 წელს დაიწყო, როდესაც Brooks Brothers-იდან ჰალსტუხების მწარმოებელ - Beau Brummell-ში გადავიდა სამუშაოდ და გაუჩნდა დიდი სურვილი, გამოეშვა ჰალსტუხების საკუთარი ხაზი, მომდევნო წელს ეს იდეა განახორციელა - ახალი სტილის, ფართო დიზაინის თანამედროვე ჰალსტუხები წარადგინა, მის პირველ ხაზს სპორტისადმი სიყვარულის გამო Polo დაარქვა და ახალბედა დიზაინერმა Empire State Building-ში Polo-ს პატარა შოურუმი გახსნა.
ბრენდის დაარსების დღიდან ლორენის შემოქმედებას ახასიათებდა სტილი, რომელიც წარმოაჩენდა ამერიკული სპორტული ელიტის არისტოკრატიულ იერს. მისი პირველი მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი, რომელიც 1968 წელს შეიქმნა, გამოირჩეოდა კლასიკური ტვიდის კოსტიუმებით, რამდენიმე წელში გამოშვებული პირველი ქალის კოლექციის შტრიხები კი კლასიკურობით, თუმცა მაქსიმალური ქალური ელფერით იყო შექმნილი.
1972 წელს ლორენის ლეგენდარული ნამუშევრის დებიუტი შედგა - სპორტული მაისური, სხვადასხვა ფერებში, რომელზეც გამოსახულია სპორტსმენის, პოლოს მოთამაშის საფირმო ნიშანი და დიზაინი, რომელმაც წარუშლელი ადგილი დაიკავა მოდის ინდუსტრიაში და 50 წელიწადზე მეტია აქტუალობას არ კარგავს.რალფ ლორენის სტილი ფენომენად იქცა მას შემდეგ, რაც 1974 წელს „დიდი გეტსბის“ კინოადაპტაციაში მსახიობ მამაკაცებს მისი კოლექციის ტანსაცმელი ეცვათ, ამას მოჰყვა სკოტ ფიცჯერალდის ,,დაკარგული’’, სადაც ლორენმა კლასიკური, ნოსტალგიური ხედვა წარმოაჩინა. კიდევ ერთი წარმატების მომტანი ფილმი Annie Hall აღმოჩნდა, რომელშიც ვუდი ალენსა და დაიან კიტონს ეცვათ ლორენის შექმნილი სამოსი. რალფ ლორენის ხედვა საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ბრენდი მალევე გადაიქცა იმპერიად და მნიშვნელოვნად გაიზარდა, 1978 წელს დიზაინერმა ქალისა და მამაკაცის სუნამოების სადებიუტო ხაზი შექმნა, შემდეგ კი საყოფაცხოვრებო ნივთებიც წარადგინა, რაც მოიცავდა სახლის აქსესუარებს, გააფართოვა სამოსის ხაზიც, ჯინსითა და საბავშვო კოლექციით. 1990-იანი წლებისთვის ლორენის ბრენდის სახელი და მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი გახდა.
დიზაინერის ნამუშევრები მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ეფუძნებოდა ახალი იდეების შესწავლას, თუმცა მთავარი აქცენტი ყოველთვის ეთმობოდა კლასიკურ ამერიკულ სამოსსა და სარტორიულ სტილს, რომელშიც მან ხელოვნების სხვადასხვა დარგების რეფერენსები გააერთიანა. ლორენის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა კინემატოგრაფიამ და სინემატიკურმა ხედვამ. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, იგი ბავშვობიდან შთაგონებული იყო ამერიკული ოცნებით, ძველი ფერმებით, სატვირთო მანქანებითა და ახალგაზრდებით, რომლებიც უბრალო მაისურებსა და სპორტულ შარვლებს ატარებდნენ.
ამერიკელი დიზაინერების საბჭოს მნიშვნელოვანი ჯილდოების მფლობელი დიზაინერი, რომელმაც ფერადი ჰალსტუხებით დაწყებული ბიზნესიდან შექმნა უმდიდრესი იმპერია, თავი დაიმკვიდრა, როგორც ფილანტროპმაც. მას 1980-იან წლებში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შეძლო სრულად გამოჯანმრთელება და პირადი გამოცდილების შედეგად, მისი ქველმოქმედების უმეტესი ნაწილი ხმარდება სიმსივნის კვლევასა და მკურნალობას. მან 1989 წელს დააარსა კვლევის ცენტრი და დღემდე აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან.
გარდა ამისა, ლორენი წლებია მხარს უჭერს და აფინანსებს LGBTQIA+ საზოგადოებასთან დაკავშირებულ პროექტებს, აქტივობებსა და ინიციატივებს, მან 2020 წელს Polo Pride კოლექცია შექმნა, რითაც Pride Month აღნიშნა.
დაწერე კომენტარი