1980-იანი წლების მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და ავანგარდულ მოდის ეპიცენტრ ქალაქად ანტვერპენი მიიჩნეოდა, რაშიც მთავარი წვლილი ბელგიელ დიზაინერთა ჯგუფს მიუძღვის - ,,ანტვერპენელ ექვსეულს”, რომელთა შორის, დრის ვან ნოტენთან ერთად, იყვნენ: დირკ ვან საენი, დირკ ბიკემბერგსი, ვალტერ ვან ბეირენდონკი, ან დემელმეისტერი და მარინა ჰი. ისინი ბელგიის ხელოვნების სამეფო აკადემიამ გააერთიანა.
და 1986 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე პირველი ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. დრის ვან ნოტენმა დამოუკიდებლად მუშაობა მამაკაცის რამდენიმე მაისურით დაიწყო, რომლებიც შეირჩა Barneys-ისთვის ნიუ-იორკში და Whistles-ისთვის ლონდონში. მალევე დიზაინერმა მშობლიურ ქალაქში პატარა მაღაზია გახსნა და 1991 წელს მან პირველად წარმოადგინა მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე, 2 წლის მერე კი ქალის კოლექციის დებიუტიც შედგა.
ნოტენის კოლექციაში არაერთ მხატვართან თანამშრომლობით სხვადასხვა ფერადი პრინტით გაფორმებულ სამოსს შეხვდებით, მათ შორის - ნაქარგებითა და მძივებით მორთულ კაბებს. მის ნამუშევრებში კი ხშირად შეინიშნება აღმოსავლური, აფრიკული და ინდური ხალხური ტექნიკა.
დიზაინერის ცხოვრებაში მოდასთან ურთიერთობა ღრმა ბავშვობაში იწყება, რადგან ნოტენის მამას და ბაბუას სამკერვალო ჰქონდათ, რის გამოც იგი ყოველთვის თვალს ადევნებდა და ჩართული იყო სამოსის შექმნის პროცესში, მამასთან ერთად ხშირად დადიოდა მილანში, დიუსელდორფსა და პარიზში, ეცნობოდა როგორც მრავალფეროვან ქსოვილებს და კოლექციებს, ისე სხვადასხვა ტენდენციებს.
ადრეულ ასაკში მემკვიდრეობით გადმოცემული სამოსის შექმნის სიყვარული, ტრადიციები, ხელობა და ოსტატობა დიზაინერმა თავის კოლექციებში თანდაყოლილ ნიჭთან ერთად გამოიყენა და შექმნა თავისი უნიკალური ხელწერა, რომელიც გამოხატავს სილამაზეს - ფერებთან და ტექსტურებთან თამაშით.
როგორც დიზაინერი თავად აღნიშნავს, კოლექციების ინსპირაცია და თავდაპირველი იდეა ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად, ძალიან სწრაფად მოდის და მუდმივად რჩება მუშაობის პროცესში. შთაგონება შეიძლება მიიღოს ბაღში გასეირნებისას, ნახატის ან შემოქმედისგან, წიგნში ან ჟურნალში არსებული ფოტოსურათისგან, ხელახლა წაკითხული მონაკვეთისგან საყვარელი წიგნიდან, მუსიკალური ნაწარმოებისგან. ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება და ხედავს, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გახდეს დიზაინერისთვის ის გადამწყვეტი ობიექტი ან მოვლენა, რაზეც კოლექციას შექმნის.
ნოტენი შთაგონებას ხშირად იღებს საკუთარ ბაღში სეირნობისას, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენებულ ნეოკლასიკურ სახლს ამშვენებს. სექციებად დაყოფილ ბაღში უამრავი სახეობის მცენარე და ყვავილი წლის ნებისმიერ სეზონზე ყვავილობს, ბაღში ყოველთვის ფერების და პრინტების აფეთქებაა. სწორედ აქ არსებული ყვავილების სხვადასხვა ვარიაციები დიზაინერის კოლექციაში უდიდეს ადგილს იკავებს.
2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე დიზაინერმა საგულდაგულოდ შერჩეული ყვავილები ბაღში ფოტოგრაფთან ერთად აღბეჭდა და შექმნა კოლექცია, სადაც მუქი, ღია, ნეონის და პასტელური ფერები ერთმანეთთან შერწყმით წარმოადგინა. ჩვენების მთავარი სათქმელი დიზაინერმა არასრულყოფილ ყვავილებში ჩააქსოვა, რომელთაც გარკვეული ნაკლოვანებები, დაავადებები აღენიშნებათ, რაც სირთულეებით სავსე ცხოვრებასთან ასოცირდება.
კიდევ ერთი საინტერესო შთაგონების წყარო დიზაინერისთვის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ყველაზე მოთხოვნადი - Tomorrowland აღმოჩნდა. ფესტივალზე გართობის, ხალისის და სხვადასხვა შერეული ემოციის გამოწვევის შთაგონებით, დიზაინერმა ვიზუალური ფეიერვერკი შექმნა, რაც ერთმანეთთან დაკავშირებული უამრავი ფერით და მრავალფეროვანი ლუქებით გამოხატა.
დიზაინერმა 2008 წელს ამერიკის მოდელიერთა საბჭოს მიერ საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ასევე ეკუთვნის ფრანგული სახელმწიფო ორდენი ხელოვნებასა და ლიტერატურაში, მის ნამუშევრებს ეძღვნება გამოფენა დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში და ასევე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი - ,,დრის ვან ნოტენი”, რომელიც რეჟისორ რაინერ ჰოლცემერს ეკუთვნის და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის ცხოვრებასა და კარიერას ასახავს.
ნოტენის ფერისა და ტექსტურის დაკავშირება, სილამაზის უნიკალური ხედვა და აღქმა კოსმეტიკის ხაზშიც გამოიხატება. Dries Van Noten Beauty-ს კოლექცია სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებასთან ერთად, პარფიუმერიას მოიცავს. მისი გატაცების - მებაღეობისა და მუდმივი შთაგონების წყაროს - ყვავილების სიყვარულის გათვალისწინებით გასაკვირი არც არის, რომ ნოტენის სუნამოები ყვავილოვანი არომატების ახლებურ, ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციებს მოიცავს.
სტაილინგის ოსტატობით, მისი დამახასიათებელი ყვავილოვანი პრინტებით, ჰიპნოზური ორნამენტებით და მკვეთრი ჩანართებით ნოტენმა უაღრესად სუბიექტურად გადმოსცა სილამაზის იდეა და შეხედულება. დიზაინერი ფიქრობს, რომ ნებისმიერი რამ - ყვავილი, შენობა ან სამოსი - შეიძლება ერთი ადამიანისთვის გასაოცარი იყოს, თუმცა მეორე სრულიად გულგრილი დატოვოს. ნოტენის გამორჩეულმა სილამაზის ენამ მისი ყოველი კოლექცია დასამახსოვრებელი გახადა.
მოდის ინდუსტრიაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ კი დრის ვან ნოტენი საკუთარ ბრენდს ტოვებს, მისი ბოლო ჩვენება წელს, ივნისში პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართება.
დაწერე კომენტარი