იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი იტალიური მოდის სახლის ახალი კამპანიის - Gucci Is a Feeling-ის სახეა, რომელიც ფოტოგრაფმა - რიკარდო რასპამ გადაიღო და სპორტსმენი ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირებზე აღბეჭდა. Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა საბატო დე სარნომ ახალი კამპანია ბრენდის ვინტაჟური, 1980-იანი წლების რეკლამის შთაგონებით შექმნა.
Gucci-ს ჩოგბურთისადმი დაინტერესება 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ბრენდმა ჩოგბურთთან დაკავშირებული ხაზი შექმნა, აქსესუარებსა და ფეხსაცმელებზე განსაკუთრებული აქცენტით. ჩანთებთან ერთად დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს ბრენდის Tennis 1977 სპორტული ფეხსაცმელი. 1980-იანი წლებით შთაგონებული კამპანია სინერთან კოლაბორაციით როგორც სპორტის, ისე ბრენდის მემკვიდრეობისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
ჩოგბურთელი Gucci-ს ჩანთით გასულ წელს უიმბლდონის ტურნირზე გამოჩნდა. სინერი არის პირველი სპორტსმენი, რომელიც კორტზე თეთრის ნაცვლად, სხვა ფერის ჩანთით გამოვიდა. გარდა ამ შემთხვევისა, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას არასდროს მიუცია მსგავსი შესაძლებლობა არცერთი ჩოგბურთელისთვის. ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, აღნიშნავს Gucci-სა და იანიკ სინერის წარმატებულ თანამშრომლობას.
Gucci Is a Feeling კამპანიაში ჩოგბურთელს ბრენდის - Gucci GG მონოგრამული ჩანთის სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეხვდებით. სინერი მოდის სახლთან განსაკუთრებულ კავშირს აგრძელებს კამპანიით, რომელიც იტალიელი სპორტსმენის შემოქმედებას, სპორტის სილამაზეს, ესთეტიკასა და Gucci-ს მემკვიდრეობას ასახავს.
ფოტოს წყარო: Gucci
დაწერე კომენტარი