ვირჟინი ვიარდი Chanel-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას 5 წლის შემდეგ ტოვებს. ვირჟინმა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ლეგენდარული დიზაინერი - კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა, თუმცა ფრანგულ მოდის სახლთან ურთიერთობა თითქმის 40 წლის წინ დაიწყო და პირველად 1987 წელს სტაჟიორად მუშაობდა, მას შემდეგ იყო Chanel-ის სტუდიის დირექტორი, ატელიების ხელმძღვანელი და ლაგერფელდის მარჯვენა ხელი. წლების თანამშრომლობა სრულდება და ვიარდი თავის ბოლო კოლექციას 25 ივნისს Opéra Garnier-ში წარადგენს. ვირჟინი ვიარდმა მოახერხა Chanel-ის მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელება და ფრანგული სახლის ისტორიისადმი პატივისცემით ატარა თანამდებობა, გიზიარებთ ვირჟინი ვიარდის საუკეთესო ნამუშევრებს Chanel-ისთვის.

ვირჟინი ვიარდის სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2019 წელს Grand Palais-ში გაიმართა, სადაც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა პირველი Cruise 2020 კოლექცია წარადგინა, Chanel-ის დამახასიათებელი მაქმანებიანი კაბებით, რომლებიც კოკო შანელის 1930-იანი წლების ესთეტიკას ატარებდა. 

ვიარდის შემდეგმა კოლექციამ - Métiers d’art-მა რენესანსის ეპოქის ქალბატონების სტილი გააცოცხლა, ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსით, ფეხსაცმელებითა და ძვირფასი აქსესუარებით. ჩვენება საფრანგეთში მდებარე სასახლეში - Château de Chenonceau-ში გამართა, რაც კოლექციაშიც გამოიხატა და ვიარდმა სამოსი სასახლეში მცხოვრები - ეკატერინა მედიჩის ბაღების შთაგონებით, ყვავილოვანი ნაქარგებით გააფორმა. 

ვიარდის კიდევ ერთი გამორჩეული კოლექციაა 2021 წლის Balade en Méditerranée - „მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“, რომლის შთაგონების წყარო კუნძული კაპრი და გაბრიელ შანელის მიერ შექმნილი საკრუიზო კოლექციები გახდა, რომლებიც საზღვაო სეზონს სიმარტივითა და დახვეწილობით გამოხატავს. 

2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება, რომელიც Grand Palais-ში გაიმართა, 20-იანი წლებით იყო შთაგონებული და ხშირად შეხვდებოდით ბუმბულებით გაფორმებულ სამოსს, თუმცა ჩვენების მთავარი ხიბლი და ვიარდის ხედვის წარმატებული შედეგი ჩვენების გახსნა იყო - Chanel-ის ქურთუკით, ცხენზე ამხედრებული მონაკოს პრინცესა შარლოტა, გრეის კელის შვილიშვილი, რომლის ორიგინალურმა გამოსვლამ და ჩანაფიქრმა დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

Chanel-ის 2022 წლის საკრუიზო ჩვენებისთვის ვიარდმა მონტე კარლო, მონაკოს Grand Prix-ის სახლი შეარჩია, სადაც ფორმულა 1-ით შთაგონებული კოლექცია, დროშებით გაფორმებული სამოსი და სარბოლო ქუდები წარმოადგინა. ვიარდმა კოლექციაში მონტე კარლოს კაზინოს კულტურაც ასახა, კონკრეტულად კი სათამაშო აპარატების თემატური აქსესუარები შექმნა. 

Chanel-ის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის Ready To Wear კოლექციის შთაგონების წყარო ვიარდისთვის ფრანგული მოდის სახლის 80-იანი წლების შოუები და მასთან დაკავშირებული ესთეტიკა გახდა. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა თანამედროვე ინტერპრეტაციებით იმუშავა კოლექციაზე, რომელმაც ნოსტალგიური განწყობა შექმნა.

2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ვიარმა მოდის სახლის სიმბოლოდ ქცეულ კამელიებს მიუძღვნა, რომლებიც პირველ 1923 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ნელ-ნელა იქცა ყვავილად, რომელიც დღემდე ასოცირდება Chanel-თან. ვიარდმა სხვადასხვა ზომის კამელიები მრავალფეროვანი კოლექციით და უამრავი ფორმით წარმოადგინა როგორც კაბებზე, ისე ტვიდის ქურთუკებზე, პერანგებზე, მაქმანებიან შარვლებსა და ჩანთებზე, ინტერიერი კი კამელიის მასიური სკულპტურებით გააფორმა.


ვიარდმა Chanel-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ისტორიულ ქალაქ მარსელში, Cité Radieuse შენობის სახურავზე გამართა, რომელიც 1952 წელს არქიტექტორმა ლე კორბუზიემ ააშენა. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კოლექცია ბრენდის საკულტო ტვიდის ქსოვილით, მრავალფეროვან ფერთა პალიტრითა და თანამედროვე ინტერპრეტაციებით, ზოლიანი და გეომეტრიული პრინტებით წარადგინა.