Jacquemus-მა 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი კოლექციის, სახელწოდებით “La Casa”-ს ჩვენება გამართა, რომელიც ბრენდის დამფუძნებლის და შემოქმედებითი ხელმძღვანელის - სიმონ პორტე ჟაკმუსის მრავალფეროვანი, სანახაობრივი წარმოდგენების გაგრძელებაა და მის უნიკალურ ხედვასა და დამახასიათებელ ესთეტიკას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. ჩვენებას კუნძულ კაპრიზე, ოცდათორმეტი მეტრის სიმაღლის კლდეზე მდებარე არქიტექტურულმა ღირსშესანიშნაობამ - Casa Malaparte-მ უმასპინძლა.

“ჩემი ბრენდის შექმნა ჟან-ლუკ გოდარის ფილმის - „Le Mépris“-ის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, მისი ხედვის სილამაზისა და თანამედროვეობის შთაგონებით’’.  - დაწერა ინსტაგრამ-გვერდზე სიმონ პორტე ჟაკმუსმა. ფილმი სწორედ კაპრის ისტორიულ Casa Malaparte-ზეა გადაღებული, შესაბამისად, Jacquemus-ის ახალი ჩვენების ადგილს ბრენდისა და მისი დამფუძნებლისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე სულ 47 ლუქი იყო წარმოდგენილი, კლასიკური, მინიმალისტური სტილის სამოსი ძირითადად თეთრ, ყვითელ, ლურჯ, ცისფერ, შავ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა კონტრასტული ფერებისა, ახალ კოლექციაში ზებრას პრინტის სამოსს, აქსესურებსა და ფეხსაცმელებს შეხვდებით, მათ შორის ბრენდის ცნობილ ორმაგი სანდლის სილუეტს - Les doubles sandales-ს ახალი ინტერპრეტაციით, ზებრას პრინტისა და ვარდისფრის შეხამებით.

მოდელებს შორის იყვნენ ანოკ იაი, დევა კასელი, იმან ჰამამი, მარიაკარლა ბოსკონო, ჩვენება კი სამხრეთკორეელმა მომღერალმა, რეპერმა და მსახიობმა - ჯენი კიმმა დახურა, რომელიც K-pop ჯგუფის Blackpink-ის წევრია. ჯენისთვის Jacquemus-ის ჩვენება სადებიუტო იყო, რომელზეც მინიმალისტური შავი კაბითა და ცისფერი ჩანთით წარდგა. ჩვენებას ესწრებოდნენ ვარსკვლავები: დუა ლიპა, გვინეტ პელტროუ, პეგი გოუ, არონ პაიპერი და მანუ რიოსი.


ფოტოს წყარო: Jacquemus, Vogue Runway