წელს საიმონ პორტე ჟაკმუსის დაარსებული ბრენდი - Jacquemus 15 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი მისმა შემოქმედებითმა დირექტორმა კოლექციით - La Casa, კაპრიზე, Casa Malaparte-ზე აღნიშნა, სადაც გადაღებული ჟან ლუკ გოდარის Le Mepris დიზაინერისთვის საკუთარი ბრენდის დაარსების დროს ერთ-ერთი მთავარი შთაგონება იყო. “ჩემი ბრენდის შექმნა Le Mepris-ის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, რომელიც სილამაზის და თანამედროვე სტილის შთაგონებით შეიქმნა, დღეს მოხარული ვარ, რომ ჩვენი შემდეგი შოუ სწორედ აქ, Casa Malaparte-ში გაიმართება”. - წერდა დიზაინერი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.
ის, რომ ჟან ლუკ გოდარის ფილმი Jacquemus-ისთვის ნამდვილად შთაგონების წყარო იყო, ამას არა მხოლოდ ჩვენების ადგილი, არამედ თავად სამოსიც მიგვანიშნებს. La Casa-ს კოლექციაში დიზაინერმა ფილმში ბრიჯიტ ბარდოს ლუქების შთაგონებით რამდენიმე კაბა წარმოადგინა, მათ შორის ერთ-ერთი Blackpink-ის ვარსკვლავს ჯენი კიმს მოარგო. გოდარის 1963 წლის ფილმიდან საიმონმა ბრიჯიტ ბარდოს ყვითელი ხალათი და ვარდისფერი ზოლიანი მაისურიც გააცოცხლა, თუმცა მთავარი როლი ფილმშიც და Jacquemus-ის ჩვენებაშიც გარემომ და კუნძულ კაპრიზე, კლდეზე აშენებულმა Casa Malaparte-მ შეასრულა.
დაძაბულობა, რომელიც გოდარის ამ ფილმში პერსონაჟებს ტანჯავთ, Jacquemus-ის ჩვენებაში არ იგრძნობოდა, პირიქით, ეს კოლექციაც, მისი ლოკაციაც და ზოგადად, ბრენდის ფილოსოფიაც მზიან სანაპიროზე დასვენებასთან და ზაფხულის ესთეტიკასთან ასოცირდება, ამიტომაც არის, რომ ნეიტრალური და კაშკაშა ფერები Jacquemus-ის ხელწერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ არაფერი ვთქვათ ფრანგულ “რივიერაზე” ან იტალიის კუნძულებზე წარმოდგენილ სხვადასხვა კამპანიებზე.
ბრენდის ეს 15-წლიანი ისტორია და ესთეტიკა Jacquemus-მა ბოლო კოლექციის 47 ლუქში გამოხატა - დიდი ზომის სათვალეები, ნაქსოვი კაბები, ღია ცისფრის, ყვითლის, ვარდისფრის, კაშკაშა წითლისა და ზებრის პრინტის მონაცვლეობა იდეალურად გამოხატავდა გოდარის Le Mepris-ის ფერთა პალიტრას, ეს ყველაფერი კი იტალიური სანაპიროს ესთეტიკას ერწყმოდა, სადაც ყველაფერი უკვე მზად იყო საზაფხულო მოგზაურობისა და გოდარისეული თავგადასავლებისთვის, რომელსაც Casa Malaparte-ს კედლები ათეული წლებია ინახავს.
სახლის ისტორია 1937 წელს იწყება, მოდერნისტი არქიტექტორის, ადალბერტო ლიბერას მიერ მწერალ კურციო მალაპარტესთვის შექმნილი ეს სახლი თავად მალაპარტეს იდეის მიხედვით აშენდა, რომლის მიხედვითაც არქიტექტორს საცხოვრებელში გამოხატული მისი ესთეტიკური პორტრეტი უნდა შეექმნა, მას შემდეგ კლდეზე აშენებული ეს სახლი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, სხვადასხვა დროს მოდისა და კინოსათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასურველი გადასაღები მოედანი აღმოჩნდა. გარდა ჟან ლუკ გოდარის ფილმისა, აქ რეჟისორმა ლილიანა კავანიმ ფილმი La Pelle-ც გადაიღო, რომელიც Casa Malaparte-ს მფლობელი მწერლის ნოველას დაეყრდნო. ეს ადგილი საინტერესო აღმოჩნდა Yves Saint Laurent-ის ბრენდისთვისაც, რომელმაც 2018 წლის კამპანია ქეით მოსის მონაწილეობით სწორედ აქ გადაიღო.
დაწერე კომენტარი