დემნა გვასალიამ პარიზში Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის - Mad-Scientist-ის ჩვენება გამართა, რომელიც შემოქმედებითი ხელმძღვანელის მეოთხე, ხოლო ფრანგული მოდის სახლის 53-ე კოლექციაა. დემნამ მასალებისა და ტექსტურებისადმი ექსპერიმენტული და ინოვაციური მიდგომით შექმნა კოლექცია, რომელმაც გააერთიანა Balenciaga-ს სახლის მემკვიდრეობა, შუა საუკუნეების კოლექციების ელემენტები და თავისი დამახასიათებელი, თანამედროვე სტილი.
ექსტრავაგანტური კოლექციის ნაწილზე რამდენიმე არტისტმა იმუშავა - Abdelhak Benallou-მ ხელით მოხატა Balenciaga-ს ჰუდები და მაისურები, ხოლო ნი ჰაომ და Alastair Gibson-მა მოდის სახლთან დიდი ზომის ქუდების დიზაინის შესაქმნელად ითანამშრომლეს. რაც შეეხება პეპლის გამოსახულებებს - ტრანსფორმაციის, იმედისა და თავისუფლების სიმბოლოს, რაც კოლექციაში სხვადასხვა ფერის ნიღბების სახითაა წარმოდგენილი, შთაგონებული და შექმნილია იუმი ოკიტას ნამუშევრებით, რომელიც თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პეპლების მოტივებს.
ახალი კოლექცია ხაზს უსვამს სუბკულტურის ჩაცმულობის სტილს, როგორც მნიშვნელოვან გავლენას დემნა გვასალიას ხელწერაზე. "მე ავირჩიე კრისტობალ ბალენსიაგას ბოლო ორი ათწლეულის კოლექციების ოთხი მუდმივი ელემენტი და ისინი ჩემს დიზაინის ესთეტიკას მოვარგე, რათა შემექმნა ხიდი - ბალენსიაგას ელეგანტურ ხელწერასა და ჩემს პერსონალურ სტილს შორის". - ამბობს დემნა გვასალია.
ის ოთხი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც დემნამ გასული წლების კოლექციებიდან გამოიყენა, არის - 3/4 სიგრძის მკლავები, Cocoon-ის ფორმები, ექსტრავაგანტური და ექსცენტრიკული თავსაბურავები და ქსოვილის ინოვაციები. გარდა ამ ელემენტებისა, დემნამ ჩვენებაზე კრისტობალ ბალენსიაგას საარქივო, 1960 წლით დათარიღებული ყელსაბამი წარმოადგინა, რომელიც თავის შექმნილ ლუქს მოარგო.
ჩვენების გამორჩეული ნაწილი იყო ეფემერული შავი ნეილონის კაბა, რომელიც ერთჯერადი გამოყენებისაა და შესაბამისად, განკუთვნილი იყო მხოლოდ ერთხელ ჩასაცმელად, კონკრეტულად Mad-Scientist კოლექციის ჩვენებისთვის. კაბის შესაქმნელად გამოყენებულია 47 მეტრი ქსოვილი, იგი Balenciaga-ს გუნდის მიერ უშუალოდ მოდელის სხეულზე აეწყო, რასაც დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა.
ახალი კოლექციის ჩვენებას შვილებთან ერთად ესწრებოდნენ - ნიკოლ კიდმანი, ნაომი უოტსი და მაია რუდოლფი. წინა რიგებში ასევე ვიხილეთ მიშელ იეო, კეტი პერი, იზაბელ ჰუპერტი, კერი ვაშინგტონი, კამილ როუ და ალექსის სტოუნი, რომელიც ჩვენებას ფილმის - "ეშმაკი ატარებს პრადას" პერსონაჟის - მირანდა პრისტლის იმიჯით დაესწრო.
დაწერე კომენტარი