ამალფის სანაპიროზე გადაშლილი ქალაქი პოზიტანო - არქიტექტურით, სახლებითა და სხვადასხვა ფერადი ნაგებობებით ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია, რომელსაც მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. ფერების მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქის შუაგულში სასტუმრო - Le Sirenuse მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად ყურადღებას ალუბლისფერ-წითელი ფასადით იქცევს, რომელიც გარშემორტყმულია ტერასული ბაღებითა და პოზიტანოს სიმბოლოდ ქცეული - ლიმონის ხეებით.
სასტუმროს მთავარი მახასიათებელი ყოველ კუთხეში ხელოვნების შეგრძნებაა, აქ წარმოდგენილია მფლობელების - ოთხი და-ძმის მიერ შეგროვებული ხელოვნების ნიმუშები. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ფოტოგრაფი და კოლექციონერი იყო, წლების განმავლობაში შეაგროვა მე-17 და მე-18 საუკუნეების ნეაპოლიტანური და სამხრეთ იტალიური ნამუშევრების კოლექცია, ასევე ნეომავრიტანული სტილის ავეჯი.
გარდა ამისა, სასტუმრო გაფორმებულია ადგილობრივი იტალიელი ოსტატების ნამუშევრებით, რომლებმაც პერსონალურად სასტუმროსთვის შექმნეს ავეჯის სხვადასხვა დიზაინი, რაც ანტიკვარულისა და თანამედროვეს კომბინაციებს ქმნის. ადგილობრივმა ხელოსნებმა დააგეს კერამიკული ფილები სასტუმროს გასწვრივ, რატანის ავეჯი, რომელიც Aldo's Cocktail Bar & Seafood Grill-ის ტერასაზეა განლაგებული, Mario Bonacina-მ შექმნა, აქვე მდებარეობს Laboratorio Paravicini-ის ჭურჭელი და კერამიკული დეკორაციები, რომელზეც ლუჩიო ლიგუორიმ იმუშავა.
სასტუმროში რესტორანი La Sponda მდებარეობს, რომელსაც შეფმზარეული Gennaro Russo უძღვება. გარდა კულინარიული გამოცდილებისა, La Sponda ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული რესტორანი, ყვავილებით გაფორმებული ფანჯრებით, საიდანაც პოზიტანოს ხედები იშლება. ცოცხალი მუსიკა და 400-ზე მეტი ანთებული სანთელი, რომანტიკული და მყუდრო ატმოსფერო, რესტორანში ვიზიტს მეტად დასამახსოვრებელს ხდის.
სასტუმროს გამორჩეული ნაწილია გარე საცურაო აუზი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი სახე მიიღო. აუზის განახლებულ დიზაინზე შვეიცარიელმა არტისტმა Nicolas Party-მ იმუშავა, რომელიც ცნობილია პეიზაჟების, პორტრეტებისა და ნატურმორტების აბსტრაქტული ინტერპრეტაციებით. Nicolas Party შთაგონებული იყო პოზიტანოს ფერადი პეიზაჟებით, საბოლოო ესკიზის შექმნის შემდეგ, თავისი ხედვის მოზაიკად გარდასაქმნელად იტალიაში, ვიჩენცაში დაფუძნებულ მოზაიკის ბრენდს - Bisazza-ს მიმართა, რომელმაც არტისტის დიზაინი ასობით კვადრატული ფილის მოზაიკად აქცია.
Le Sirenuse-ის განახლებული საცურაო აუზი წარმოდგენილია აბსტრაქტული მოტივებით ლურჯ და მწვანე ფერებში, რომელიც ღრუბლებსა და წყალს შორის კავშირს ასახავს, აუზის ყველაზე ღრმა წერტილში კი ოქროს მოზაიკის დისკია განთავსებული, რომელიც მზის გამოსახულებას წარმოადგენს. Nicolas Party ფიქრობს, რომ მისი ხელოვნება Le Sirenuse-ში განიხილება, როგორც „მეტაფორული და სიმბოლური“.
ფოტოს წყარო: Le Sirenuse
დაწერე კომენტარი