ფოტოგრაფმა - გრეი მალინმა მთელ მსოფლიოში ვერტმფრენიდან გადაიღო სანაპიროების ფოტოსურათები, რომლის შედეგადაც სერია - “À la Plage, À la Piscine’’ შექმნა. სინათლის, მრავალფეროვან ფერთა პალიტრისა და ფორმების შერწყმით გადაღებული ფოტოები ზაფხულს, მასთან დაკავშირებულ ამაღლებულ განწყობასა და ვიზუალურ დღესასწაულს ასახავს.
ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროზე, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და დუბაიში. ფერად კადრებზე გამოსახულია უამრავი დამსვენებელი, ქოლგები, ზღვის პირსახოცები, საცურაო კამერები, სერფინგის დაფები, ცისფერი, მწვანე და ლურჯი ზღვები, ოკეანეები და საცურაო აუზები, სწორედ ამ ფერების შერწყმა ქმნის მთავარ ხიბლს, რომელსაც თან მხიარულება ახლავს.
როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ის შთაგონებულია იმ კონტრასტით, რასაც სანაპიროზე ხალხის სიმრავლე და უსასრულო წყალი ქმნის, ფიქრობს, რომ ზემოდან გადაღებული ხალხმრავლობა სანაპიროზე საინტერესო, მრავალფეროვანი და ორიგინალურია.
გრეი მალინმა ამ სერიის შექმნა ლას-ვეგასში მოგზაურობისას გადაწყვიტა, მაშინ როდესაც ერთ-ერთი სასტუმროს ყველაზე მაღალი სართულიდან სანაპიროს გადაჰყურებდა და მის წინ გადაშლილმა პეიზაჟმა გადააწყვეტინა სიმაღლიდან გადაეღო ფოტოები, რომელიც წყლის სილამაზეს, ფერებს, სიკაშკაშეს და ოკეანის თუ ზღვისპირა დასვენების ნიუანსებს აღბეჭდავდა
ფოტოს წყარო: Medium
დაწერე კომენტარი