ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კინოვარსკვლავი შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, უნიკალური გარეგნობითა და გულწრფელი მანერებით იგი 1970-80-იანი წლების კინოს ერთ-ერთი განსამზღვრელი ფიგურა გახდა და კინოინდუსტრიას თავისი შესრულებული მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები დაუტოვა. მიუხედავად პოპულარობისა და ხალხის სიყვარულისა, დიუვალის კარიერა მისთვის ემოციურად მძიმე და საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
შელი დიუვალი თავდაპირველად რეჟისორმა რობერტ ალტმანმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა წვეულებაზე, ალტმანის გუნდი ფილმ Brewster McCloud-ის გადასაღებად ემზადებოდა, როდესაც რეჟისორს 20 წლის დიუვალი გააცნეს, სწორედ მაშინ მიიღო მომავალმა მსახიობმა პირველი როლის შეთავაზება. როგორც დიუვალი აღნიშნავს, მას არ ჰქონდა განზრახვა, მსახიობი გამხდარიყო, ის სამეცნიერო კარიერაზე ფიქრობდა, თუმცა ამ შეხვედრამ მისი პროფესიული ცხოვრება სხვა მხრივ წაიყვანა და დიუვალმა პირველ ფილმში - 1970 წლის Brewster McCloud-ში ითამაშა, სადაც პიროვნული სტილის მთავარ ელემენტად დიდი ზომის წამწამები მოირგო და თავისი ხალისიანი თამაშით და ბუნებრივი ნიჭით მაყურებელს თავი გააცნო.
მას შემდეგ დიუვალმა რობერტ ალტმანის არაერთ ფილმში ითამაშა, სწორედ ამიტომ მას ხშირად მოიხსენიებენ რეჟისორის მუზად. მონაწილეობა მიიღო ალტმანის ფილმებში - Thieves Like Us, Nashville, Popeye, McCabe & Ms. Miller, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რობერტის ფილმებიდან დიუვალს 1977 წლის ფსიქოლოგიურმა ტრილერმა - 3 Women-მა მოუტანა, სადაც კალიფორნიის უდაბნოში მდებარე ხანდაზმულთა სახლის თანამშრომელი ქალი განასახიერა. საკუთარი იმპროვიზაციით თამაშის შედეგად დიუვალმა ამ როლისთვის, 1978 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო და გააძლიერა მისი, როგორც მსახიობის სტატუსი.
ამავე წელს დიუვალი ვუდი ალენმაც შენიშნა და შესთავაზა როლი რეჟისორის შედევრად ქცეულ 1977 წლის რომანტიკულ დრამაში - Annie Hall-ში, რომელშიც მთავარ როლს დაიან კიტონი ასრულებს. დიუვალი არ იყო ფილმის მთავარი გმირი, მისი როლი ეპიზოდური იყო, სადაც როლინგ სტოუნის ჟურნალისტი განასახიერა, თუმცა მან ამ შესრულებისთვის კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ მოახდინა შთაბეჭდილება საზოგადოებაზე.



დიუვალი წლების შემდეგ დაბრუნდა ეკრანზე, მისი უკანასკნელი როლი იყო სკოტ გოლდბერგის 2022 წლის საშინელებათა ფილმი - The Forest Hills. ექსცენტრიკული პერსონაჟების როლების შესრულებით განთქმული მსახიობი 2024 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა და სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი კინოს ინდუსტრიაში.









დაწერე კომენტარი