კანის 77-ე კინოფესტივალი წელს 14 მაისიდან 25 მაისამდე გასტანს. ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე წელს აკირა კუროსავას ფილმიდან Rhapsody in August კადრია გამოყენებული, რომელიც როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თავისი პოეტური სილამაზიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ჩვენს სამყაროში კინოს, როგორც უნივერსალურ ენას მშვიდობის, ერთიანობის გამოხატვისა და თავისუფლების ძიების პროცესში. წელს კანის კინოფესტივალის მთავარი ნომინაციის ჟიურის პრეზიდენტი გრეტა გერვიგი იქნება, ასევე, ჟიურის წევრებს შორისაა კიდევ ერთი რეჟისორი ქსავიე დოლანი, რომელიც Un Certain Regard-ის ნომინაციას შეაფასებს. საპატიო პალმის რტოს წელს ორი გამარჯვებული ეყოლება - Studio Ghibli და ჯორჯ ლუკასი, რომელიც პრიზს ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე მიიღებს.
ფრენსის ფორდ კოპოლა - Megapolis
1979 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორი 40 წლის შემდეგ ახალი ფილმით ბრუნდება. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ობრი პლაზა და დასტინ ჰოფმანი ასრულებენ, პოლიტიკური ამბიციებისა და კონფლიქტური სიყვარულის შესახებ საუბრობს.
იორგოს ლანთიმოსი - Kinds of Kindness
Kinds of Kindness - ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ახალი ფილმია, რომელსაც წლევანდელ კანის კინოფესტივალზე უამრავი მაყურებელი ელოდება. ემა სტოუნის, ჰანტერ შაფერის და უილიამ დეფოს მონაწილეობით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ადამიანის შესახებ, რომელსაც არჩევანის საშუალება არ აქვს, თუმცა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს, პოლიციელი, რომელსაც ატყობინებენ, რომ მისი ცოლი ზღვაში გაუჩინარდა, სრულიად შეცვლილი ადამიანის სახით ბრუნდება.
ალი აბასი - The Apprentice
ირანელ-დანიელი რეჟისორის, ალი აბასის მეოთხე ფილმი აღწერს დონალდ ტრამპის ურთიერთობას მის ყოფილ მენტორთან, ადვოკატთან და პოლიტიკურ ფიგურასთან, როი კონთან, რომელიც ტრამპს სასამართლოში 100 მილიონ დოლარს ედავებოდა. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, რეჟისორს ფილმში მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები ზედმიწევნით სწორად ჰყავს შერჩეული - ტრამპის როლს სებასტიან სტენი ასრულებს, როი კონის პერსონაჟს კი Succession-ის ჯერემი სტრონგი განასახიერებს.
დევიდ კრონენბერგი - The Shrouds
დევიდ კრონენბერგის საშინელებათა ფილმი თავდაპირველად Netflix-ის სერიებისთვის იყო განკუთვნილი, მისი სცენარი 2017 წელს რეჟისორის მეუღლის, კაროლინ ზეფმანის გარდაცვალების შემდეგ დაიწერა, სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ფილმი ქვრივი კაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის როლსაც ვინსენ კასელი ასრულებს.
ანდრეა არნოლდი - Bird
Bird ბრიტანელი რეჟისორის მეოთხე, თუმცა ალბათ ყველაზე გახმაურებული ფილმი იქნება კანის კინოფესტივალზე, რომელშიც მთავარ როლებს Saltburn-ის ბარი კოგანი და ფრენც როგოვსკი ასრულებენ. სიუჟეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ვითარდება.
პაოლო სორენტინო - Parthenope
The Great Beauty-ის რეჟისორი პაოლო სორენტინო მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით ახალ ფილმს - Parthenope-ს გვთავაზობს, რომელშიც მითოლოგიური პერსონაჟის, სირინოზის ამბავს გვიამბობს. ფილმი, რომელშიც გარი ოლდმანი და იტალიელი მსახიობი სტეფანია სანდრელი თამაშობენ, კუნძულ კაპრიზე და ნეაპოლშია გადაღებული და ის გმირობისგან დაცლილ ქალურ ეპოსზე მოგვითხრობს.
დაწერე კომენტარი