მე-20 საუკუნის ამერიკის უმთავრესი რეალისტი მხატვარი - ედუარდ ჰოპერი ყველაზე მეტად ცნობილია ზეთით შესრულებული ნამუშევრებით, რომლებიც ხშირად გამოხატავენ მელანქოლიისა და იზოლაციის გრძნობას. ჰოპერის შემოქმედებამ გააერთიანა ამერიკული ცხოვრებისა და პეიზაჟების ამსახველი ნახატები, ემოციურად იზოლირებული ფიგურები, სინათლისა და ჩრდილის დრამატული ურთიერთქმედება. ჰოპერის ნამუშევრებს შორის შეხვდებით ზაფხულის თემატიკის ირგვლივ შექმნილ ნახატებსაც.
Sailing, 1911
ჰოპერის საზაფხულო თემატიკასთან დაკავშირებული და მის შემოქმედებაში მრავალჯერ განმეორებადი თემა ნაოსნობაა, რომელიც მხატვარმა ტილოზე რამდენჯერმე ასახა. მისი ადრეული ნამუშევრებიდან არის 1911 წლის - Sailing, მცურავი ნავის გამოსახულება და ზღვის პეიზაჟი.
Ground Swell, 1939
ედვარდ ჰოპერის ენთუზიაზმი და ინტერესი ზღვის მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. 1934 წელს მეუღლესთან ერთად ააშენა სტუდია სამხრეთ ტრუროში, მასაჩუსეტსში, სადაც მრავალი ზეთისა და აკვარელის ნახატი შექმნა, რომელიც მის საზღვაო საგნების მიმართ ინტერესს გამოხატავს. ნამუშევარი - Ground Swell ჰოპერმა 1939 წელს დახატა, მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ერთი შეხედვით მშვიდი და ნათელია, ის გარკვეულწილად ჰოპერის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ - მარტოობის და გაქცევის თემებს ეხმიანება.
The Long Leg, 1935
1935 წლის ნამუშევარი - The Long Leg სიმშვიდესა და ნაოსნობის ესთეტიკას ასახავს. ჰოპერი ნიუ-იორკის ცხელ ზაფხულს ხშირად ინგლისის სანაპიროზე განმარტოებით გაურბოდა, სწორედ ერთ-ერთი დასვენების დროს არის შესრულებული ნახატი Long Point Light პროვინსტაუნში, მხატვრის საზაფხულო სახლის სიახლოვეს.
Summertime, 1943
1943 წლის ცნობილი საზაფხულო ნახატი, რომელზეც ახალგაზრდა ქალს ცისფერ კაბასა და ჭილოფის ქუდში ვხვდებით, როგორც ცნობილია, აზრობრივად ომის შემდგომ დროინდელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მრავალი სირთულის გადალახვას ეხმიანება.
Summer Evening, 1947
ჰოპერის საზაფხულო თემატიკის გარშემო შექმნილ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნახატია 1947 წლის - Summer Evening, რომელზეც მხატვარმა ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის საღამო განათებულ აივანზე მდგომი წყვილის კავშირით წარმოადგინა.
Rooms by the Sea, 1951
ჰოპერმა მზის სხივების ეფექტის ხატვა პარიზში, სტუდენტობის პერიოდში დაიწყო და მთელი კარიერის განმავლობაში გააგრძელა. 1951 წლის - Rooms by the Sea შთაგონებულია ტრუროში მდებარე თავისი ზღვისპირა იზოლირებული სტუდიის ხედით.
Sea Watchers, 1952
სამყაროში საკუთარი თავის, რეალური კავშირებისა და ცხოვრების რიტმის ძიება, გრძნობა, რომელსაც გარკვეულწილად სევდა და სიმშვიდე მოაქვს, ჰოპერს თავის ნახატებზე გადმოჰქონდა. 1952 წლის - Sea Watchers სწორედ მსგავსი გრძნობის ამსახველი ნახატია, რომელზეც წყვილი უსასრულო ზღვას გადაჰყურებს, ჰოპერმა შეძლო ნახატით გადმოეცა როგორც გრძნობა, ისე აშკარა სიჩუმე.
Second Story Sunlight, 1960
1960 წლის ნამუშევარზე - Second Story Sunlight თეთრი ფასადის მქონე სახლის აივანზე ორი სხვადასხვა ასაკის ქალია გამოსახული. ერთი გაზეთს კითხულობს, მეორე კი მოაჯირზე ზის და მზეს ეფიცხება. როგორც ჰოპერი აღნიშნავს ეს ნახატი იყო მზის შუქის სრულად თეთრი ფერის დახატვის მცდელობა, ყვითელი პიგმენტის გარეშე.
ფოტოს წყარო: Wikiart, Edward Hopper
დაწერე კომენტარი