როგორც ხელოვნების ისტორიკოსები და კრიტიკოსები ამბობენ, ედუარდ ჰოპერი არის ხელოვანი, რომელიც თავის სივრცით ნამუშევრებში ყოფითი სცენების ასახვით შემთხვევითობის შესაძლებლობას და ერთ უნიკალურ წამს ასახავს. ესთეტიკური თვალსაზრისით დეგას, მანეს და რემბრანდტისგან შთაგონებული ჰოპერი თავის აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში ყველაზე ხშირად ადამიანის მარტოობას და ესკაპიზმს გვიჩვენებს, სადაც ირგვლივ გარემო და სივრცე სხვა ადამიანებისგან დაცლილი და ცარიელია. თავისი შემოქმედების განმავლობაში ჰოპერმა ზღვის და ზაფხულის თემაზე არაერთი ნამუშევარი შექმნა, ზღვის მიმართ ინტერესი კი ნიუ-იორკში, ნიაკში გაუჩნდა, მაშინდელ ჰადსონის პორტში, რომელიც გემთმშენებლობით იყო განთქმული. 1934 წელს მან თავის მეუღლესთან ერთად სამხრეთ ტრუროში, მასაჩუსეტში სახლი შეიძინა, სადაც არაერთი ნამუშევარი შექმნა ზღვის და სანაოსნო თემატიკაზე, მათ შორისაა Ground Swell-იც, რომელზეც შუაგულ ზღვაში ოთხი ადამიანია გამოსახული.მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს ნამუშევარში ნათელი პალიტრა, მზიანი დღე და ცისფერი ცა აქვს ასახული, ის, ისევე როგორც ჰოპერის მთელი შემოქმედება, მარტოობის და მოსალოდნელი საფრთხის განცდას გვიტოვებს, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს შუაგულ ზღვაში მოტივტივე უცხო შავი სხეული. ჰარმონიულ პეიზაჟში მოტივტივე სხეული, რომელიც თითქოს საფრთხეს მოასწავებს, ხელოვნების კრიტიკოსების აზრით, იდეურად მეორე მსოფლიო ომის ევროპაში შეჭრას უკავშირდება, რომელიც ამ ნამუშევრის შექმნის პარალელურად, 1939 წელს მიმდინარეობდა. ეს შავბნელი მოტივტივე სხეული სწორედ ომისა და ქაოსის ალეგორიაა.
ფაქტია, რომ გემზე გამოსახული ადამიანები ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევენ, ყოველი მათგანის მზერა ზღვაში მოტივტივე ზარზე და მოსალოდნელ ქარიშხალზეა მიმართული, რომელსაც ღრუბლიანი ცაც მოასწავებს. ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს სცენა, შესაძლოა შთაგონებული ყოფილიყო ინგლისში 1938 წელს, ანუ ნამუშევრის შექმნიდან ერთი წლით ადრე მომხდარი რეალური ქარიშხლისაგან. 1939 წლის სექტემბერში შესრულებული ეს ნამუშევარი პირველად 1943 წელს Corcoran Gallery-ში გამოიფინა და სწორედ აქ დარჩა 2014 წლამდე, თუმცა მოგვიანებით ის National Gallery of Art-მა შეიძინა, სადაც დღემდე ინახება.
დაწერე კომენტარი