მონუმენტური სკულპტურა - Spiral Jetty არტისტმა რობერტ სმიტსონმა 1970 წლის აპრილში შექმნა და მას შემდეგ მის ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ ნამუშევრად ითვლება. ის Rozel Point-ის ნახევარკუნძულზე, Great Salt Lake ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, შექმნილია ადგილზე შეგროვებული მიწით, მარილის კრისტალებითა და შავი ბაზალტის ქანებით. სკულპტურა 460 მეტრი სიგრძისა და 4,6 მეტრი სიგანისაა.
Rozel Point-მა და ტბამ არტისტის ყურადღება სხვადასხვა მიზეზით მიიპყრო, მათ შორის - მოწითალო შეფერილობით, რომელსაც იქაური წყალმცენარეები ქმნის. ბუნებრივი ადგილობრივი მასალების შეგროვებით და გამოყენებით დაპროექტდა Spiral Jetty, რომელიც წყლიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს, თუმცა ნამუშევარზე გავლენას ახდენს ტბის დონის სეზონური ცვალებადობა, რაც ხანდახან სკულპტურის წყლით დაფარვას და ჩაძირვას იწვევს.
Spiral Jetty-ის მდებარეობა Great Salt Lake-ში ხაზს უსვამს ეროზიულ და ენტროპიულ პროცესებს, რომლითაც სმიტსონი დიდი ხნის განმავლობაში იყო მოხიბლული. 1960-იანი წლების ბოლოდან მისი ნამუშევრები სულ უფრო და უფრო ასახავდა ბუნებისა და ხელოვნების ურთიერთკავშირს.
სმიტსონმა სკულპტურის კონსტრუქცია 32-წუთიან ფერად ფილმში გადაიღო, რომელსაც ასევე Spiral Jetty ეწოდება. 1999 წელს კი ნამუშევარი გადაეცა Dia Art Foundation-ს, რომელიც ხელოვნების შედევრსა და ცნობილ ღირსშესანიშნაობას ინარჩუნებს და იცავს.
დაწერე კომენტარი