“როცა წარსულს იკვლევ, მაშინ შედიხარ მომავალში,” - ამბობდა ვივიენ ვესტვუდი, რომელიც თავის შთაგონებას მუდმივად წარსულსა და ხელოვნების ისტორიაში პოულობდა. სწორედ მე-18 საუკუნისა და რენესანსის ეპოქებითაა შთაგონებული მისი საკულტო კორსეტები, რომლებიც ბრენდის ისტორიაში ამ ხედვის და ინტერესის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სამოსის ეს ნაწილი საუკუნეების განმავლობაში პატრიარქალურ ინსტრუმენტად განიხილებოდა, რომელიც ქალის სხეულს დეფორმაციას ანიჭებდა, ვივიენ ვესტვუდი პირველი იყო, ვინც ტანსაცმლის ეს დეტალი გარეთ გამოიტანა და მას სექსუალურობის, თავდაჯერების და სიძლიერის იდეით სრულიად საპირისპირო მნიშვნელობა შესძინა, რომელიც არა უსიამოვნო ვალდებულება, არამედ ქალური სიძლიერის გამომხატველი ინსტრუმენტი იყო. მაღალი ხარისხის ატლასითა და მაქმანებით მორთული კორსეტი ტრადიციულად ვეშაპის ძვლისგან დამზადებული წნელებით და ნაქარგი დეტალებით იქმნებოდა. ვივიენ ვესტვუდის შემოქმედებაში ის 1987-88 წლებში Harris Tweed-ის შემოდგომა- ზამთრის კოლექციაში გამოჩნდა, მისმა შექმნილმა პორტრეტის კორსეტმა ვივიენ ვესტვუდი მე-20 საუკუნის პირველ დიზაინერად აქცია, რომელმაც ტრადიციული კორსეტის ბრტყელი სტრუქტურა დაარღვია და მასში გვერდით გასაჭიმი თასმები და ელვა შესაკრავი ჩააკერა, ეს მოდერნიზებული ვერსია, რომელმაც ტრადიციულისგან განსხვავებით, სრულიად შეცვალა სხეულისა და მკერდის ფორმა, 1990-იანი წლებიდან დღემდე ვივიენ ვესტვუდის მოდის სახლის მთავარ ხელწერად იქცა.
მოდის სახლმა რამდენიმე წლის წინ გამოფენა და Digital ინსტალაცია შექმნა ვივიენ ვესტვუდის კორსეტების მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც გადმოგვცემს სამოსის ისტორიულ კავშირს სახვით ხელოვნებასთან, რაც მუდმივად რჩება ბრენდის შთაგონების წყაროდ. ვივიენის მიდგომა კორსეტებისადმი მუდმივად თეატრალურ მნიშვნელობას ატარებდა, რომელიც საზოგადოების აღფრთოვანებას და ცნობისმოყვარეობას იწვევდა იმის შესახებ, თუ რა იმალება მის შიგნით.
თუკი გასულ საუკუნეებში კორსეტის ტარება აუცილებლობას წარმოადგენდა, ვივიენ ვესტვუდის მიზანი იყო, რომ სამოსის ეს ნაწილი გამხდარიყო იარაღი, რომელიც, ერთი მხრივ, აყალიბებს ფემინურობას, მეორე მხრივ კი, არის სიმბოლო ძლიერების და სექსუალური თავისუფლების, რომლებიც ქალური პოეტური ძალისა და პოლიტიკური და სოციალური დამოუკიდებლობის შემოქმედად იქცა.
დაწერე კომენტარი