პოპ არტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ხელოვანი - დევიდ ჰოკნი 1960-იანი წლებიდან საცურაო აუზებითა და წყლით დაინტერესდა, რამაც მისი იმდროინდელი ნამუშევრების თამატიკა განსაზღვრა და აუზები თავისი ნახატების მთავარ მოტივად აქცია, რომელსაც ავსებდა მოდერნისტული არქიტექტურით, მთიანი პეიზაჟებით ან ადამიანების შიშველი გამოსახულებებით.
ლოს-ანჯელესში სამოგზაუროდ ჩასულმა ჰოკნიმ, შთაგონებულმა საცურაო აუზებით, ამ თემატიკის პირველი ნახატი 1964 წელს დახატა, სახელწოდებით ‘’California Art Collector’’. ლოს-ანჯელესში პირველი ვიზიტისას ჰოკნიმ აღმოაჩინა, რომ საცურაო აუზი თითქმის ყველა სახლს ჰქონდა, რაც სხვა ქვეყანაში შეიძლება ფუფუნებად ჩათვლილიყო, კალიფორნიაში ის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ბრიტანელი მხატვარი იმდენად გაიტაცა კალიფორნიის ცხოვრების წესმა, რომ გადაწყვიტა საცხოვრებლად გადმოსულიყო იქ. თავდაპირველად 1964-1968 წლებში მუშაობდა კალიფორნიაში, შემდეგ დაბრუნდა თავის სამშობლოში, თუმცა 1978 წლიდან სამუდამოდ დაიდო ბინა ლოს-ანჯელესში.
1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, დევიდ ჰოკნი იყენებდა აკრილის საღებავებს, რომლებიც უფრო შესაფერისი იყო მისი მზიანი კომპოზიციებისთვის. არტისტი აღნიშნავდა, რომ საცურაო აუზის წყალი, ზღვის ან ტბისგან განსხვავებით, ირეკლავს სინათლეს და მისი ზედაპირი მუდმივად ცვალებადია. იგი თვლიდა, რომ აუზის წყალი კონტროლირებადია, მისი ფერი შეიძლება იყოს ადამიანის მიერ შექმნილი.
გარდა იმისა, რომ ჰოკნის აუზებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მისი ნამუშევრები სამხრეთ კალიფორნიის კულტურული იდენტობის განმსაზღვრელ სურათებად იქცა და კარგად ასახა კალიფორნიის ცხოვრების წესი. ჰოკნის საცურაო აუზების ირგვლივ შექმნილი ნამუშევრები მრავალფეროვანი, ნათელი ფერებით ასახავს ლოს-ანჯელესის დამახასიათებელ სილამაზეს და დასვენების, განტვირთვის, საზაფხულო დღეების ესთეტიკას.
ჰოკნისთვის მთავარი ამოცანა იყო აუზის ზედაპირზე შუქის გარდაქმნის პროცესი ზუსტად გადმოეცა, რაც კარგად ჩანს 1978 წლის სერიაში - Paper Pools, რომელიც აუზების თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიაა. ასევე მისი პოპულარული ნამუშევრებია - Portrait of an Artist და A Bigger Splash.
ფოტოს წყარო: Tate, Artsy, The David Hockney Foundation
დაწერე კომენტარი