ქართული სამზარეულო - ტრადიციული კერძებითა და სასმელებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. ქართული რესტორნები დღეს მსოფლიოს არაერთ კუთხეში გვხვდება და როგორც იქ მცხოვრები ქართველებისთვის, ისე ადგილობრივებისთვისაც საყვარელ ადგილად ითვლება. რესტორნებს ყოველდღიურად უამრავი სტუმარი ჰყავს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ ქართული კულტურა, სტუმარმასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიცია და დააგემოვნონ გამორჩეული კერძები და სასმელები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 

Kinkally

Kinkally - რესტორანი, რომელიც ქართული კერძის - ხინკლის სახელს ატარებს, ლონდონში მდებარეობს და სტუმრებს მთელ მსოფლიოში ცნობილი კერძის ინტერპრეტაციით შექმნილ მენიუს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ხინკლის ტრადიციული შიგთავსი ხორცია, რესტორან Kinkally-ში კერძის სხვადასხვა ვარიაციას შეხვდებით, მაგალითად, ლანგუსტისა და ტარხუნის შიგთავსით, ვაგიუსა და ქლიავის სოუსით, მიდიებითა და შემწვარი პრასით. რესტორნის გამორჩეული ნაწილი ინტერიერის დიზაინია, რომელიც შთაგონებულია ხინკლის დაბადების ადგილით - კავკასიონის მთებით. ქვის ფასადისა და მაღალი ფანჯრების მიღმა არსებული ინტერიერი ბუნებრივი მასალებითა და ნეიტრალური ფერებით არის შექმნილი და ხის ავეჯითაა გაფორმებული. ინტერიერის ნაწილია ღია სამზარეულოს ასიმეტრიული მაგიდა, რომლის მიღმაც კარგად ჩანს კერძების მომზადების პროცესი. 

Oda House - ოდა სახლი 

უძველეს ქართულ კულტურაზე დაფუძნებული - Oda House პირველად 2013 წელს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიხსნა, 2020 წელს კი მეორე რესტორანი - ბრუკლინში. ,,ოდა სახლის’’ ინტერიერი ძველ ქართულ საცხოვრებელ სახლს - ოდას ჰგავს, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხის სახლს ეწოდება. რესტორანი მყუდრო ატმოსფეროთი და სახლური გარემოთი გამოირჩევა, აქ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია, დაწყებული ხაჭაპურითა და ხინკლით, დამთავრებული სხვადასხვა დესერტით. რესტორანში 20-ზე მეტი სახეობის ავთენტური ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი, რომლებიც პირდაპირ საქართველოდან არის შემოტანილი.

Supra - სუფრა 

ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი - Supra 2017 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არა მარტო ქალაქში მცხოვრები  ქართველების, არამედ ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ტრადიციული კერძები ძირითადად ქართული ინგრედიენტებით მზადდება. რესტორანი ქართულ ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას აერთიანებს, სადაც სპეციალურად რესტორნისთვის შექმნილ ან საქართველოდან ჩამოტანილ დეკორაციებსა და სუვენირებს შეხვდებით. აქვე მდებარეობს ღვინის კუთხე, საქართველოს რუკა და კედელზე დახატული რეპროდუქცია - ფიროსმანის  ნადიმი - ტრადიციული ძველი ქართული სუფრა. 

Nunuka - ნუნუკა 

დახვეწილი, მინიმალისტური და საოჯახო სტილის მყუდრო რესტორანი Nunuka ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარეობს. რესტორანი 2023 წელს მიშლენის გზამკვლევში მოხვდა, რაც ტრადიციული კერძების, მათი ორიგინალური ვარიაციებისა და გამორჩეული გემოების დამსახურებაა. “ნუნუკას” ინტერიერის დიზაინში ბევრ ქართულ ელემენტს შეხვდებით, მათ შორის რამდენიმე ძველ ნივთს, რომელიც რესტორნის დამფუძნებელმა ესპანეთში საქართველოდან, ბებიის სახლიდან წაიღო, სწორედ მის სახელს - ნუნუკას ატარებს მადრიდის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი. 

IMG_0409.jpeg 640.87 KB

Schwiliko - შვილიკო 

‘’რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია’’ - მე-12 საუკუნის აფორიზმი კედელზე დაწერილი დაგხვდებათ შუაგულ გერმანიაში, ბერლინში მდებარე ქართულ რესტორან ‘’შვილიკოში’’ შესვლისთანავე. ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი დეტალებით, ფოტოსურათებით და კერძების მრავალფეროვნებით ‘’შვილიკო’’ გამორჩეული ადგილია გერმანიაში მცხოვრებლებისთვის. 

Kinza 

რესტორანი Kinza ესპანეთის ქალაქ მადრიდის ცენტრში მდებარეობს,  რომლის ინტერიერის დიზაინი და დეკორი ძველ თბილისს მოგაგონებთ. რესტორანი საქართველოს კულინარიის მრავალწლიან ისტორიას ეფუძნება და სტუმრებს ტრადიციული კერძების მენიუს სთავაზობს. რესტორნის სახელწოდება - Kinza ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გამოყენებული სანელებლის სახელწოდებიდან - ქინძიდან მომდინარეობს.

Colchide - კოლხეთი 

ქართული რესტორანი “კოლხეთი” პარიზის ერთ-ერთ ცნობილ უბანში, ქალაქის მე-18 ოლქში მდებარეობს და 2013 წლიდან სტუმრებს ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციასა და ისტორიას უზიარებს. საოჯახო სამზარეულო, თბილ, მეგობრულ გარემოსა და ქართულ კერძებზეა ორიენტირებული. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის, საქართველოში დამზადებული ღვინოები და იმოგზაურონ ქართულ კულტურაში. 

Madloba - მადლობა

ბერლინში მდებარე რესტორანი ‘’მადლობა’’, კომფორტული ატმოსფეროთი და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. რესტორნის სამზარეულო აერთიანებს ქართულ კერძებს, იქნება ეს მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური თუ საცივი, რომლებიც ქართული სანელებლებით, ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციით მზადდება, აქვე დაგხვდებათ ღვინის მრავალფეროვანი არჩევანიც.

Persimmon's

კიდევ ერთი რესტორანი მადრიდის შუაგულში, სახელწოდებით Persimmon's ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად, ქვეყნის მეღვინეობასა და ალკოჰოლური სასმელების მომზადების უნიკალურ ტექნიკას ეფუძნება. სპეციალურად რესტორნისთვის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით მზადდება სხვადასხვა სახეობის ღვინოები, ასევე ქართული, ძლიერი ალკოჰოლური სასმელი - ჭაჭა, სხვადასხვა ხილის არომატით, მათ შორის - ხურმა, ფეიხოა, კომში და ყურძენი, რომლებიც ბუნებრივად მოყვანილი და საგულდაგულოდ შერჩეულია. რესტორანი მენიუში ნატურალური ხილითა და ჭაჭით მომზადებულ კოქტეილებსაც აერთიანებს, რომლებიც შეგიძლიათ ქართულ კერძებთან და დესერტებთან ერთად დააგემოვნოთ.