საზაფხულო დასვენებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალწლიანი ისტორიის მქონე სასტუმრო - Hôtel Crillon le Brave-ია, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. სასტუმროს ნომრები მე-17, მე-18 საუკუნეებით დათარიღებულ ცხრა შენობაშია განლაგებული, გარშემორტყმულია ვენახებითა და ზეთისხილის კორომებით. 

IMG_0479.jpeg 857.54 KB
ათეულობით ძველი სახლი, რომელიც უძველესი ნაგებობების ლაბირინთს ქმნის, სასტუმროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს  და სტუმრებს საშუალებას აძლევს საუკუნოვანი ისტორიის ნაწილი გახდნენ. სასტუმროს პანორამული ტერასა Mont-Ventoux-ს, საფრანგეთის თვალწარმტაც მთას გადაჰყურებს. 

Hôtel Crillon le Brave-მ განახლებული სახე 2017 წელს მიიღო, რაზეც დეკორატორმა - ჩარლზ ჩანამ იმუშავა როგორც გარე სივრცეებში, ისე ნომრებში, შეინარჩუნა ადგილის უნიკალურობა, სიძველე და მრავალწლიანი ისტორია. დღესდღეობით სასტუმრო თანამედროვე დიზაინთან შერწყმული საუკუნოვანი ნაგებობით და სამხრეთ საფრანგეთის სტილის შთაგონებით შექმნილი დეკორით მასპინძლობს სტუმრებს. 

სასტუმროში რესტორანი - La Table du Ventoux მდებარეობს, რომელსაც შეფმზარეული თომას ლესაჟი უძღვება. ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული ავთენტური სამზარეულო, ტერასა და Mont-Ventoux-ის ხედები რესტორანში სადილსა თუ ვახშამს სასიამოვნო პროცესად აქცევს. სასტუმროს უძველესი სახლის, Maison Roche-ს პირველ სართულზე ბარი მდებარეობს, რომელიც პროვანსულ სტილსა და ტრადიციებს ეფუძნება და თავისი დეკორით, თაღოვანი სივრცით გამოირჩევა. 

სასტუმროს გამორჩეული ნაწილია სპა - Spa des Écuries, რომელიც მე-18 საუკუნის მონუმენტური თაღებითაა გაფორმებული და სამკურნალო ოთახებს აერთიანებს. ამერიკულ ორგანულ ბრენდ Tata Harper-თან თანამშრომლობით, სპაში სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და პერსონალიზებული, თითოეულ სტუმარზე მორგებული პროცედურა ტარდება. 

სასტუმროს დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთონ, მაგალითად, ტენისის და გოლფის თამაშებში, ველოსიპედით ან კაიაკით სეირნობაში. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ პროვანსული სოფლების აღმოჩენა, რომელთაც 2000 წლის ისტორია და ხელოვნება უკავშირდება, სასტუმროს მიმდებარე პეიზაჟებმა შთააგონა მრავალი მხატვარი, მათ შორის - ვან გოგი და პოლ სეზანი. Hôtel Crillon le Brave-ის მახლობლად ასევე მდებარეობს ლავანდის ულამაზესი ველები.


ფოტოს წყარო: Hôtel Crillon le Brave