25 ივლისიდან 15 სექტემბრამდე თიბისი კონცეპტის სივრცეში ნინო ჩუბინიშვილის, იგივე ჩუბიკას გამოფენა, სახელწოდებით „What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში“ იმართება, რომელიც ხელოვანის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს და მის მიერ 1998 წელს შექმნილ ხელნაკეთ წიგნს - „ელენეს“ აერთიანებს. თიბისი კონცეპტის სივრცის ორ სართულზე დამთვალიერებელი ხელოვანის სკულპტურულ, ტექსტურ, ვიდეო და ინსტალაციურ ნამუშევრებს იხილავს, მათ შორის ისეთს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.ნინო ჩუბინიშვილი:
გამოფენაზე მთავარი, რაც წარვადგინეთ, ეს იყო წიგნი, რომელიც 1998 წელს ჩემს შვილს - ელენე კაჭარავას დავუხატე, რომელიც მაშინ 6 წლის იყო, ზღაპარი მოიცავს მთლიანად მის მოგზაურობას და ასეც ჰქვია - „ელენეს“. წიგნის მთავარი პერსონაჟი არის ელენე და მისი თოჯინა ინგრიდი, რომელიც ჰყავდა სინამდვილეში. ეს არის დედის ზღაპარი, რომელსაც უყვება თავის შვილს. წიგნი ახლახან თიბისი კონცეპტთან და დავით კაკაბაძის ფონდთან ერთად გამოვეცით მცირე ტირაჟით, მაგრამ ვაპირებთ, რომ კიდევ გამოვცეთ. პირველ სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა დროის, 2019, 2020 წლების, და ბოლო დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც არსად არ წარმიდგენია.
პრინციპში, დრო იყო მთავარი კითხვა ამ წიგნში ჩემთვის. 1990-იან წლებში დახატული ეს წიგნი იმ დროშიც და ამ დროშიც ერთნაირად იყო დამუხტული იმ მხრივ, რომ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა, შესაბამისად, ადამიანსაც მნიშვნელოვანი კითხვები უჩნდებოდა ყოფიერებასთან და ადამიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ახლაც ისევე მიჩნდება, როგორც 1990-იანებში. ამრიგად, ეს ორი სივრცე ადვილად გადაება ჩემთვის, აი ეს ხაზი, რომელიც ამ ორ სივრცეს შორის არის, პატარ-პატარა დეტალებში იკითხება და საინტერესო კითხვებსაც აჩენს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერზე პასუხს ვითხოვთ ჩქარა, მე მგონია, შეკითხვის დასმა და პასუხის დაბადება, თავისთავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ადამიანში და ბედნიერი ვიქნები, თუ რაიმე კითხვას ვაჩენ, რომელზეც მერე რაღაც პასუხიც ჩნდება.
მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი
თიბისი კონცეპტი მოხარულია, რომ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენის - What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში? ორგანიზატორი და მასპინძელია. გამოფენა დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეს არ არის პირველი თანამშრომლობა ფონდთან, მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განუხორციელებია თიბისის, მათ შორის - დავით კაკაბაძის გამოფენა/კატალოგი და ა.შ. თიბისის და ფონდის თანამშრომლობა მემორანდუმითაც არის გამყარებული, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მსგავს ფონდებთან სტაბილური პარტნიორობა გვაკავშირებდეს.
თიბისი ნინო ჩუბინიშვილის ხელნაკეთი წიგნის, “ელენეს” ხელახლა გამოცემის მხარდამჭერია. წიგნი 1998 წელს შექმნილი ნამუშევარია - მიძღვნილი მისი შვილისთვის, რომელიც გრაფიკული ჩანახატების ენაზე შესრულებული ერთი ნამუშევარია. რადგან ეს წიგნი განსაკუთრებული ეტაპია ნინო ჩუბინიშვილის შემოქმედებაში, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ განსაკუთრებული პრეზენტაციაც უნდა ჰქონოდა და შევთავაზეთ დავით კაკაბაძის ფონდს და ნინოს, რომ გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში გაკეთებულიყო. სრულიად შემთხვევით გამოფენის გახსნის თარიღი - 25 ივლისი - სასიამოვნოდ დაემთხვა ნინოს შვილის, ელენეს დაბადების დღეს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდოდა.
გამოფენის იდეაზე მუშაობისას ვიფიქრეთ, რომ ექსპოზიციაში გაგვეერთიანებინა 1998 წელს შექმნილი ხელნაკეთი წიგნი “ელენეს” და სხვადასხვა მედიუმში სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ის რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც ხელოვანმა სწორედ ამ გამოფენისთვის შექმნა. გამოფენას თიბისი კონცეპტის ორივე სართულის გალერეა ეთმობა, პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები, ვიდეო, ტექსტი და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”.
ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტრასტულია, ორივე სივრცის ექსპოზიცია მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება, ძალიან მკაფიო კავშირებია, რომლის დანახვაშიც გამოფენის პოეტური სათაურიც, ნამუშევრებიც და ტექსტიც გეხმარება. გამოფენა ბევრ კითხვას აჩენს, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და თან დღევანდელობის მნიშვნელოვან საკითხებთან თუ მოვლენებთან გაკავშირებს.
ჩვენი გუნდისთვის ამ პროექტზე მუშაობა ნინო ჩუბინიშვილთან და დავით კაკაბაძის ფონდთან - მარიამ კაკაბაძესთან ერთად - კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო გამოცდილება და საინტერესო პროცესი იყო, ისევე როგორც გამოფენის ტექნიკურ გუნდთან - ალექსი სოსელიასთან, ედიშერ ბერაძესთან, გოჩა ჟღენტთან და ნიკა ცაგარეიშვილთან ერთად, რომლებიც ყოველთვის ძალიან გვეხმარებიან გამოფენის გამართვაში.გამოფენა 15 სექტემბრამდე გრძელდება და დამთვალიერებლისთვის ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-იდან 20:00 საათამდე, ნინო ჩუბინიშვილის მიერ შექმნილი წიგნისა და ხელნაკეთი სამკაულის შეძენა დამთვალიერებელს თიბისი კონცეპტის კოლექციის სივრცეში შეუძლია.
დაწერე კომენტარი