ოკეანეში მიღებული საკმაოდ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ლარი სულტანმა გადაწყვიტა შეექმნა ფოტოსერია და გადაეღო მოცურავეები წყალქვეშ, სან-ფრანცისკოს საჯარო აუზებში 1970-იან და 80-იან წლებში. ‘’როცა 12 წლის ვიყავი, კინაღამ ოკეანეში დავიხრჩვე... წყალი ბუნების ის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვერასდროს ვერ ვაკონტროლებთ.’’ - ფოტოგრაფმა საკუთარი გამოცდილება და ფოტოსერიის მოტივები 1980 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს გაუზიარა. 

ლარი სულტანისთვის ხელოვნება განასახიერებდა ადამიანის არსებობის პარადოქსს - ‘’რომ შექმნა, უნდა გაუშვა’’. ფოტოგრაფი მიჰყვა იმ აქტივობის გადაღებას, რომელმაც წარსულში თითქმის მისი  სიცოცხლე შეიწირა. წარსულზე დასაპირისპირებლად, შიშისგან განთავისუფლების მიზნით სულტანმა ფოტოგრაფიის შესაძლებლობები სწორედ წყალქვეშ გამოსცადა და უამრავი საინტერესო მნიშვნელობითა და მეტაფორით დატვირთული ფოტოების გადაღება დაიწყო. 

ლარი სულტანმა საკუთარ შიშთან დაპირისპირების გზად ფოტოგრაფია 1974 წელს აირჩია და უსინათლოთა ცურვის გაკვეთილებზე წყალქვეშა ფოტოების გადაღება პირველად სწორედ 70-იან წლებში დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა და კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობა მაიკ მანდელთან ერთად გააგრძელა. 1978 წელს, წითელი ჯვრის სახელმძღვანელოს შთაგონებით, სულტანი წყალქვეშა ფოტოგრაფიას დაუბრუნდა და სან-ფრანცისკოში მცხოვრები ადამიანების გადაღება დაიწყო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სულტანი სისტემატურად იღებდა ადამიანებს, მოზარდებსა თუ ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა ცენტრში ცურვის გაკვეთილებს ესწრებოდნენ. 

რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა ფოტოსერია, სახელწოდებით - Swimmers, წყალქვეშა სხეულების ფოტოსურათები სხვადასხვა ფორმით, რასაც სერიის მთავარი ელემენტი და მოტივი - წყალი განსაზღვრავს, გამოსახულებები ხშირად წაგრძელებული, დაკარგული ფორმით ან დეფორმაციით ჩანს. სულტანმა გადაღებების პერიოდი და ცურვის ცენტრებში გატარებული დრო აღწერა, როგორც „ყველაზე ღრმა გამოცდილება“.


ფოტოს წყარო: AnOther Magazine, Larry Sultan