ისტორიულ ქალაქ Aix-En-Provence-სა და Luberon-ის ეროვნულ პარკს შორის Château La Coste მდებარეობს, სადაც ერთმანეთს ერწყმის მეღვინეობა, ხელოვნება და არქიტექტურა. შატო სტუმრებისთვის 2011 წელს გაიხსნა და მას შემდეგ უამრავი ვიზიტორი ჰყავს - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შატოს დასასვენებლად და დასათვალიერებლად, გამორჩეული შთაბეჭდილებისთვის სტუმრობენ, რადგან Château La Coste თანამედროვე ხელოვნების ათობით ნიმუშს, სკულპტურებსა და ნამუშევრებს, ვილებს, მეღვინეობისთვის განკუთვნილ ნაგებობებსა და რესტორნებს ერთ სივრცეში უყრის თავს.
Château La Coste-ში დაახლოებით 40 ხელოვნების ნიმუში, არქიტექტორებისა და არტისტების ნამუშევრები და სკულპტურებია წარმოდგენილი, მათ შორის შეხვდებით ლუიზ ბურჟუას Crouching Spider - ობობას გამოსახულების სკულპტურას, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და 2010 წლიდან შატოშია წარმოდგენილი, ასევე ფრენკ გერის 2008 წლის ნამუშევარს - Pavillon De Musique და ენდი გოლდსვორთის - Oak Room-ს, მუხით დამზადებულ ასობით ნამუშევარს, რომლებიც ინტეგრირებულია ძველ ქვის კედელში.
2008 წელს Château La Coste-ში ჟან ნუველმა შექმნა ღვინის ქარხნები, რომელთა სიმაღლე 10 მეტრია, მიწის ქვეშ კი 17 მეტრზე ვრცელდება, სინათლე და ტემპერატურა რეგულირდება ალუმინის სტრუქტურით და ღვინის შესანახად იდეალურ პირობებსა და გარემოს ქმნის. აქვე შეხვდებით რიჩარდ სერას ნამუშევარს, სამ მასიურ ლითონის კედელს, რომლებიც ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული და მოქმედებს, როგორც დიალოგი ბუნებასა და ადამიანს შორის.
Château La Coste-ში წარმოდგენილია რიჩარდ როჯერსის La Galerie და ოსკარ ნიმეიერის Auditorium, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც საგამოფენო და საღონისძიებო სივრცე. კიდევ ერთი სახელოვნებო სივრცის შექმნა უკავშირდება Renzo Piano-ს, რომელმაც 2017 წელს შექმნა Pavillon D'Exposition, ნიადაგის ბუნებრივი ტოპოგრაფიის გათვალისწინებით შენობა ისეა ჩაშენებული, რომ ბუნებრივად ერწყმის შატოს ვენახებს.
დამსვენებლებისთვის შატოში 28 ვილა მდებარეობს, გარშემორტმული ბაღებითა და ყვავილებით, თითოეულ ვილას საკუთარი დიდი ტერასა აქვს, რომლებიდანაც ვენახებსა და ხეობებზე ხედები იშლება. შატოს თანამედროვე არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი მაქსიმალურად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტსა და ადგილმდებარეობას.
შატოს გამორჩეული მახასიათებელი ღვინის მზადების მრავალწლიანი ტრადიციაა. Château La Coste-ში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანულ მეურნეობას, ნიადაგსა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვას, აქ დაახლოებით 200 ჰექტარზე განთავსებული ვენახები მდებარეობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ღვინის მზადების პროცესს დაესწრონ, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ახლად დამზადებული ღვინოც დააგემოვნონ.
Château La Coste-ში ექვსი რესტორანი მდებარეობს, რომლებიც ადგილობრივი ინგრედიენტებით დამზადებულ კერძებზეა ორიენტირებული. Tadao Ando იაპონელი არქიტექტორის - ტადაო ანდოს სახელს ატარებს, რომელსაც რესტორნის დაპროექტება უკავშირდება, აქვე მდებარეობს იტალიური რესტორანი Vanina და Hélène Darroze, Villa La Coste, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული შეფმზარეული ელენ დაროზი მართავს.
დამსვენებლებს შატო ღია საცურაო აუზს, იოგას კლასებსა და მედიტაციის სესიებს სთავაზობს. Château La Coste-ს სპა პარფიუმერიაზე, ზეთებსა და მარილებზე დაფუძნებულ სპა პროცედურებს ქმნის, შვიდი სარელაქსაციო ოთახი სპეციალურად არის შექმნილი სახის მოვლისა და მასაჟის რიტუალებისთვის. თითოეული პროცედურა ხაზს უსვამს შატოს ორგანულ ყვავილებსა და მცენარეებს, მათ შორის ჟასმინს, ლავანდას, ვარდს, ზეთისხილსა და გარგარს, ასევე სპაში ტარდება მარილის სკრაბისა და ცხელი ტალახის რიტუალები.
ფოტოს წყარო: Chateau La Coste, Villa La Coste, Arquitectura Viva
დაწერე კომენტარი