ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სორენტოში, მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობაში ბუტიკ სასტუმრო - Marina Piccola 73 მდებარეობს. საუკუნოვანი ნაგებობა ზედმიწევნით განახლდა.
შენობას გრძელი ისტორია აქვს, ის 1860-იან წლებში აშენდა და ფუნქციონირებდა, როგორც ადგილობრივი სანაოსნო კლუბი - Canottieri Italia di Napoli და პორტის ადმინისტრაციის ოფისები. შენობა ასევე იყო სორენტოს ყველაზე ცნობილი მკერავის რეზიდენცია, რომელიც წლების წინ ნახევარკუნძულზე მამაკაცებისთვის კერავდა სამოსს. საკმაოდ დაზიანებული ნაგებობის აღდგენას წლები დასჭირდა, თუმცა შენობამ რესტავრაციის შემდეგ მაქსიმალურად შეინარჩუნა ავთენტური არქიტექტურული სახე და დიზაინის დეტალები, მათ შორის - 1865 წლის ტერაკოტას იატაკები, მაჟოლიკას და ტერაზოს ფილები.
Marina Piccola 73 სტუმრებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ხუთი კატეგორიის ნომრებს სთავაზობს, თითოეულ მათგანს თანამედროვე დიზაინის და ვინტაჟური არქიტექტურული დეტალებისა და ავეჯის ერთიანობა გამოარჩევს. სასტუმროს დელუქს ნათელი ოთახები სორენტინის ნახევარკუნძულის ფერებს ეხმიანება, უნიკალური Tower Room კი განთავსებულია Marina Piccola 73-ის განახლებულ მრგვალ კოშკში. სასტუმროს ოთახები მე-19 საუკუნის ისტორიას თავისი დეკორით უკავშირდება, თითოეულ ნომერში ანტიკვარული ნივთების გამორჩეულ, საუკუნოვან კოლექციას შეხვდებით.
მეტი კომფორტისთვის Marina Piccola 73-ში ორი აპარტამენტია განთავსებული, რომელიც საოჯახო სტილის ნომრებს აერთიანებს. Casa Nostra და Casa Rossa აპარტამენტები ისტორიული შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, ოთახები სანაპიროს, ნავსადგურსა და ნეაპოლის ყურეს გადაჰყურებს, შესაბამისად, ტერასებიდან ულამაზესი ხედები იშლება. ნათელი ფერების და ფართო სივრცეების აპარტამენტებში რამდენიმე საძინებელია განთავსებული, ოჯახური დასვენებისთვის მეტად კომფორტულია შიდა სამზარეულო, სრული სასადილო კომპლექტით.
Marina Piccola 73-ის მიმდებარედ არაერთ ბუტიკს, გასართობ ადგილს, საკვებ ობიექტსა და პლაჟის კლუბს აღმოაჩენთ. გარდა ამისა, სასტუმროს ადგილმდებარეობა საშუალებას გაძლევთ იტალიის სხვა საკურორტო ქალაქებში მოაწყოთ ტური და მოინახულოთ ამალფი, პოზიტანო და კაპრი - დასვენებისა და გართობისთვის იდეალური ადგილები.
ფოტოს წყარო: Marina Piccola 73
დაწერე კომენტარი