ედი სლიმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Celine-მა მამაკაცის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელსაც კამპანია  - The Bright Young მიეძღვნა და შთაგონებულია 1920-იანი წლების ინგლისით. ახალი კამპანია მე-18 საუკუნის სასახლეში, Holkham Hall-შია გადაღებული, სადაც ისტორიული არქიტექტურა, ულამაზესი ბაღები და კოსტიუმები ქმნის და ხაზს უსვამს ძველი ეპოქის ინგლისის ატმოსფეროს. 


ისტორიულ ინგლისურ მოდასა და თანამედროვე დიზაინს შორის კავშირით შეიქმნა ახალი კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილია კოსტიუმები, კრიკეტით შთაგონებული პიჯაკები, დამასკის ჟილეტები, ხელით ნაქარგი, ინგლისური ყვავილების დეტალები და ქაშმირის სამოსი. ახალ კოლექციაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს 1920-იანი წლების ინგლისური სტილის, ეპოქის დამახასიათებელი ფეხსაცმელები და მე-20 საუკუნის, სამხედრო ფორმების ტრადიციაზე დაფუძნებული სამოსი.

სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი - ედი სლიმანი ჯერ კიდევ 80-იან წლებში Ecole Du Louvre-ის სტუდენტი იყო, როდესაც ანგლომანიის შესახებ მოამზადა თემა. მომავალ დიზაინერს მუდმივად აინტერესებდა ინგლისი და ეცნობოდა ისეთი ცნობილი ბრიტანელების ცხოვრებას, როგორებიც არიან - ბო ბრუმელი, ჯეიმს ნეპიერ ტენანტი, სესილ ბიტონი. 30 წლის შემდეგ სლიმანმა სწორედ ინგლისის მიმართ ღრმა ინტერესსა და სიყვარულს მიუძღვნა Celine-ის კოლექცია. 

კამპანიის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია ახალი სუნამო À Rebours, რომელიც შთაგონებას იღებს ჟან დე ესეინტისგან, ჟორის-კარლ ჰაისმანსის რომანის დენდისგან. სუნამო მუხის ხავსის, კედრის, მუსკატისა და ქაშმირის სურნელს ატარებს და ახალ კოლექციას ეხმიანება. ისევე როგორც ფოტოებში, კამპანიის ვიდეორგოლშიც შავ-თეთრ და ფერად კადრებს მონაცვლეობით ვხვდებით. The Bright Young კამპანიის ვიდეოს აფორმებს ჟან-ფილიპ რამოუს ბაროკოს შედევრი - "LES INDES GALANTES".


ფოტოს წყარო: Celine