ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton ნიკოლა გესკიერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციას - Flight Mode-ს წარმოადგენს, რომლის სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე მატილდა გვარლიანია. მოგზაურობით შთაგონებული მრავალფეროვანი კოლექცია აერთიანებს ყოველდღიურ და სამოგზაურო - როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სამოსს, ჩანთებსა და აქსესუარებს, განახლებული პრინტებით, ფერებითა და ორიგინალური ინტერპრეტაციით.
მატილდა გვარლიანისთვის Louis Vuitton-თან თანამშრომლობა პირველი არ არის და ქართველი მოდელი უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ ფრანგული მოდის სახლის ჩვენებაზე, მათ შორის - Cruise 2025 კოლექციის, რომელიც წელს, მაისში ბარსელონაში, Park Güell-ში გაიმართა.
ახალ კოლექციაში აქცენტი კეთდება მოგზაურობისთვის შესაფერის, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსზე - თბილ მაისურებზე, ჰუდებზე, პალტოებზე, სპორტულ ორეულებსა და როგორც დუტის, ისე ტყავის ქურთუკებზე. კოლექციაში შეხვდებით საინტერესო ნივთებს - Box Set - ავიაკომპანიების ვინტაჟურ ეტიკეტებს, ბარათებს, სტიკერებსა და ბროშურებს Gaston-Louis Vuitton-ის კოლექციიდან. ასევე, City Guide PostCard Box - რუბენ ტოლედოს ნამუშევრებით ილუსტრირებულ ბარათებს, რომლებზეც 100 ქალაქია გამოსახული.
Flight Mode კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია სამოგზაურო ჩანთები, რომლებიც თანამედროვე ელემენტებსა და სახლის მარადიულ სტილს აერთიანებს. ფრანგულმა მოდის სახლმა ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები ჯერ კიდევ 1858 წელს გამოუშვა. ახალ კოლექციაში ვხვდებით სახლის ცნობილ Speedy Soft-ის ახალ მოდელებს - 30 Boho და 30 Crafty, ასევე საკულტო Neverfull-ის ჩანთას - Bandoulière Inside Out GM მონოგრამულ მოდელს და Horizon 55 ჩემოდანს.
ფოტოს წყარო: Louis Vuitton
დაწერე კომენტარი