მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Dolce & Gabbana-მ ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა, რომელიც შთაგონებულია მადონას 1990-იანი წლების სტილით და ლეგენდარული Blonde Ambition ტურით. დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ კოლექცია, სახელწოდებით „იტალიური სილამაზე“ მიუძღვნეს პოპკულტურის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურას და გამოხატეს პატივისცემა ქალის მიმართ, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით დაიმკვიდრა სახელი.
ახალ კოლექციაში ვხვდებით კორსეტიან კაბებს, გამჭირვალე სამოსს და დახვეწილ კოსტიუმებს, თითოეული მათგანი ხაზს უსვამს მადონას ჩაცმულობას 1990 წლის Blonde Ambition ტურზე, რომლისთვისაც სამოსი ჟან პოლ გოტიემ შექმნა. გარდა სამოსისა, მოდელებმა მომღერლის ვარცხნილობის იმიტაციისთვის ქერა ხვეული პარიკები მოირგეს. ჩვენებას წინა რიგებიდან ადევნებდა თვალს მადონა, რომელიც Dolce & Gabbana-ს უახლესი კოლექციის შავი მაქმანებიანი კაბითა და ოქროსფერი გვირგვინით გამოჩნდა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Dolce & Gabbana-მ კოლექცია მადონას შთაგონებით შექმნა, თავდაპირველად დიზაინერებმა 2000 წელს წარმოადგინეს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით Madonna, Gli Anni Ottanta, რასაც წინ უძღვოდა კოსტიუმები, რომლებიც მოდის სახლმა დაამზადა მადონას The Girlie Show ტურისთვის 1992 წელს. ‘’მადონა ყოველთვის იყო ჩვენთვის სტილის სიმბოლო. მისი წყალობით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა.
გარდა ამისა, მადონა იყო ბრენდის ამბასადორი 1990-იანი წლების დასაწყისიდან და ამ დროიდან მოყოლებული აქვს მჭიდრო ურთიერთობა როგორც დიზაინერებთან, ისე მოდის სახლთან. ათწლეულების განმავლობაში მადონა ხშირად გამოჩენილა Dolce & Gabbana-ს კოსტიუმებით სხვადასხვა ტურებზე, ალბომების გარეკანებზე და წითელ ხალიჩაზე.
ფოტოს წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი