4-9 ოქტომბერს თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის მეოთხე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება, რომელიც 6 დღის განმავლობაში კინოჩვენებებს, რეტროსპექტივებს, მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს გააერთიანებს. საკონკურსო პროგრამაშია 25 ფილმი, რომელთა შორის არის კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრებს შორის არიან პროფესიონალები - ბარბარა ლორეი დე ლაშერიერი, რამაზან კილიჩი, არჩილ ახვლედიანი, ეკა ჩავლეიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი. საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს მთავარ პრიზს - ოქროს დინოზავრს სამ ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ფესტივალი პროგრამების ფართო სპექტრითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაყურებელი 6 დღის განმავლობაში შეძლებს კინოთეატრ “საქართველოში” დაესწროს კინოჩვენებებს.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ესპანური და მსოფლიო კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მარისა პარედესი, მაყურებელსა და კინომოყვარებულებს ექნებათ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. გაიმართება ფილმის ჩვენება მარისა პარედესის მონაწილეობით: “ჩემი საიდუმლოს ყვავილი”, რომელიც ცნობილი ესპანელი რეჟისორის - პედრო ალმოდოვარის ფილმია. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის - ალმოდოვარის 75-ე იუბილეს აღსანიშნავად ფესტივალზე იქნება მისი სხვა ფილმების ჩვენებებიც - ‘’მატადორი’’ და ‘’პეპი ლუსი, ბომ და სხვა გოგოები’’, რომელსაც დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი, ფესტივალის სპეციალური სტუმარი - ევა სივა. კიდევ ერთი ესპანეთის წარმომადგენელი სტუმარი იქნება პროდიუსერი ხოსე მარია პრადო.
ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო კინოს განვითარებაში კინემატოგრაფისტი ქალების წვლილის წარმოჩენას, წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება და ასევე, სპეციალური პროგრამა - ‘’ქართველი ქალები დოკუმენტურ კინოში’’, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა რეჟისორი ქალების უახლეს ნამუშევრებს და კიდევ ერთხელ აქცენტს აკეთებს ქალების ხედვის მნიშვნელობაზე კინოში. პროგრამის ფარგლებში მაყურებელი იხილავს სოფო ჩხეიძის, ეკა წოწორიას, მარიამ უფი პართენიშვილის, დეა ჭოლოკავასა და ნინიკო ლეკიშვილის ფილმებს.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისა და ჩეხეთის ცენტრი - თბილისის თანამშრომლობით, გაიმართება ჩეხური კინოს კლასიკოსის, სიურრეალისტი რეჟისორისა და სცენარისტის - იან შვანკმაიერის სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება - ‘’საჭმელი’’, ‘’დიალოგის შესაძლებლობები’’ და ‘’პანჩი და ჯუდი’’. ასევე, ჩატარდება თანამედროვე მოლდოვური მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა, სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასი, საჯარო ლექცია და ტრადიციული - რეზო გაბრიაძის სახელობის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების საერთაშორისო სახელოსნო, რომელსაც გაუძღვებიან ნიდერლანდელი რეჟისორი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და ქართველი პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი.
ფესტივალზე ვიხილავთ ქართველი რეჟისორის, პროდიუსერისა და ოპერატორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო, სრულმეტრაჟიან ფილმს - "წმინდა ელექტროენერგია’’, რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა და ახალგაზრდული ჟიურის რჩეული გახდა. საქართველოში პრემიერა სწორედ ქუთაისის კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის დაობლებული ბიჭის ისტორიას, რომელიც გადარჩენისთვის ნათესავთან ერთად საინტერესო ცხოვრებისეულ მოგზაურობას იწყებს. სცენარის ავტორები ტატო კოტეტიშვილი, ირინე ჟორდანია და ნუცა წიქარიძე, მხატვრული ფილმის პროდიუსერები კი ტატო კოტეტიშვილი და თეკლა მაჭავარიანი არიან, თანაპროდიუსერები: ინეკე სმიტსი, ინეკე კანტერსი, ლიზეტ კელდერი, გუკა რჩეულიშვილი და მარიშა ურუშაძე. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლო ღვინიაშვილი და ნიკა გონგაძე ასრულებენ.
5 ოქტომბერს, ქუთაისის კინოფესტივალის ფარგლებში, ქართველი რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ფილმის, „ამბავი დუმბაძეებისა" პრემიერა გაიმართება. ფილმი გადაღებულია ბუბა ხოტივარის კინომოთხრობის მიხედვით და 1952 წელს თბილისის ძველ უბანში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შვილიც ომიდან არ დაბრუნებულა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ერთ ღამეს კი უშიშროების სპეცსამსახურის თანამშრომლები მოხუცებს დასაპატიმრებლად მიაკითხავენ. როგორც ირკვევა, მათ სამშობლოს ღალატში ედებათ ბრალი. ფილმის პრემიერის შემდეგ გაიმართება შეხვედრა მთავარი როლის შემსრულებელ ქეთი ჩხეიძესთან.
კიდევ ერთი პრემიერა, რომელიც ქუთაისის კინოფესტივალზე გაიმართება, ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმია - ‘’ლურჯი მოცვი’’, რომელიც ნომინირებული იყო CPH:DOX-ზე და AJB Doc-ზე, ოდესის კინოფესტივალზე კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც აფხაზეთთან პირობით საზღვრისპირა სოფელში მოცვის ბაღის გაშენებას იწყებს და გზადაგზა აღმოაჩენს, რომ სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი” არც ისეთი ხელსაყრელია ახალი ცხოვრების და ბიზნესის დასაწყებად, როგორც ეს დასაწყისში ჩანდა. ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ომგადატანილი ადამიანების ემოციები ტრავმების გახსენებისას.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეოთხე ფესტივალზე სპეციალური ჩვენებებით, კინოთეატრსა და ღია სივრცეები აღინიშნება ქართველი კინემატოგრაფისტების (ნატო ვაჩნაძე, თენგიზ აბულაძე, სერგო ფარაჯანოვი, ლომერ ახვლედიანი, ოთარ იოსელიანი, რეზო ესაძე, მიშა კალატოზიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიორგი გერსამია, გიორგი ბერიძე, ტატო კოტეტიშვილი და ლიკა ქავჟარაძე) საიუბილეო თარიღები და მაყურებლები მათ ფილმებზე დასწრებას შეძლებენ.
დაწერე კომენტარი