პარიზის მოდის კვირეულის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი Louis Vuitton-ის ახალი კოლექციის ჩვენებით დაიხურა, რომელიც ლუვრის ეზოში გაიმართა და მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ფრანგული სახლის კრეატიული დირექტორი - ნიკოლა გესკიერი აღნიშნავს, მისი შემოქმედება ხაზს უსვამს დროში მოგზაურობას, ახალი ჩვენება კი რენესანსის ეპოქაში დაბრუნებას ეძღვნება.
გასულ სეზონზე აღინიშნა გესკიერის 10 წლის იუბილე მოდის სახლში. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კოლექციის ჩვენებამდე ისაუბრა, რომ სურდა ახალი სეზონი რენესანსის გახსენება ყოფილიყო, რაც იდეალურად განახორციელა და მოდელები იმდროინდელი ეპოქის სილუეტებით გამოჩნდნენ. ნიკოლა გესკიერი აღნიშნავს, რომ რენესანსის ეპოქა განსაკუთრებულად ახლოს არის მასთან, რადგან იგი გაიზარდა საფრანგეთში, ლუარის ველზე, მრავალსაუკუნოვანი შატოებით გარშემორტყმულ ადგილას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ლუქები, რომლებიც ეხმიანებოდა ტიუდორთა დინასტიის წარმომადგენელთა სტილს და რომლებიც თავიანთი ჩაცმულობით ხაზს უსვამდნენ ძალაუფლებას. მოდელები მოძრაობდნენ ბილიკზე, რომელიც შექმნილი იყო სახლის მრავალფეროვანი უამრავი ჩემოდნითა და ჩანთით.ქართველ მოდელს - მატილდა გვარლიანს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფრანგულ მოდის სახლთან თანამშრომლობის, ის აქამდეც რამდენჯერმე ვიხილეთ Louis Vuitton-ის ჩვენებაზე, მათ შორის Cruise 2025 კოლექციის წარდგენაზე, რომელიც წელს გაიმართა. სულ ახლახან კი ბრენდმა 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის - Flight Mode კამპანია წარადგინა, რომლის სახეც სწორედ მატილდა გვარლიანია. ქართველ მოდელს პარიზის მოდის კვირეულზე, ისე როგორც ზოგადად წელს, ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა, გარდა Louis Vuitton-ისა, მან მონაწილეობა მიიღო Chanel-ის, Isabel Marant-ის, Victoria Beckham-ის, Schiaparelli-ის, Chloe-ისა და Gucci-ს ჩვენებებზე.
ფოტოს წყარო: Vogue Runway, Louis Vuitton
დაწერე კომენტარი