პორტოფინო თავისი ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით გამორჩეული ადგილია, რის გამოც ქალაქს მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქ თითქმის ყველა ნაგებობა მრავალწლიან ისტორიას ინახავს, მათ შორის არის ცნობილი სასტუმრო - Belmond Hotel Splendido, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება და წარსულში ბენედიქტელთა მონასტერს წარმოადგენდა. განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე ნაგებობა, რომელიც კლდოვან გორაზეა განთავსებული, 1902 წლიდან სასტუმროდ ფუნქციონირებს. 

დაარსების დღიდან სასტუმრომ უმასპინძლა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, მათ შორის ვინდსორის ჰერცოგს, რექს ჰარისონს, მარია კალასს, გრეის კელის, ჩარლი ჩაპლინსა და უოლტ დისნეის. სასტუმროს ნომრებში საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ფოტოსურათებია წარმოდგენილი, რომელზეც განსაკუთრებული სტუმრები არიან აღბეჭდილი.

Belmond Hotel Splendido დამსვენებელს 70 ნომერს სთავაზობს. მათგან ბევრს აქვს ტერაკოტათი მოპირკეთებული პანორამული ტერასები, ქალაქის, ზღვისა და პორტოფინოს ყურეს ხედებით. თითოეული ნომერი მინიმალისტურ, ნათელ და თბილ ფერებშია გადაწყვეტილი და როგორც ანტიკვარულ ობიექტებსა და ძველი იტალიური სტილით შთაგონებულ ავეჯს, ისე თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს.

სასტუმროში ორი რესტორანი და კოქტეილის ბარია განთავსებული, Splendido Grill იტალიურ, ტრადიციულ კერძებს წარმოადგენს. La Terrazza-ს მენიუ ადგილობრივ პროდუქტებს ეფუძნება და აერთიანებს როგორც კლასიკურ, ლიგურიის ზღვის პროდუქტების გამორჩეულ სამზარეულოს, ისე შეფ Corrado Corti-ს საავტორო კერძებს. 

spl-gst-pool26.jpg.png 7.68 MB
Belmond Hotel Splendido-ს გარე აუზი იტალიელმა ლანდშაფტის დიზაინერმა, მარკო ბეიმ განაახლა. ახალი იერსახით, Verezzi-ს ფილებითა და ფერებით აუზი მიმდებარე ზღვას ეხმიანება და კონტრასტს ქმნის ვარდისფერ, წითელ და თეთრ მარმარილოს ტერასასთან. სასტუმროში ასევე მდებარეობს Jardin des Rêves სპა, რომლის შექმნაც Dior-ს უკავშირდება და სტუმრებს განსაკუთრებულ პროცედურებს სთავაზობს. 

სასტუმრო თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, დამსვენებელს საშუალებას აძლევს უამრავი ღირსშესანიშნაობები მოინახულოს, Belmond Hotel Splendido-ს საფეხმავლო ბილიკი სანაპიროზე ჩადის, რომელთან ახლოსაც მდებარეობს სხვადასხვა მაღაზია, ბუტიკი, კაფეები და რესტორნები. ასევე ეწყობა ექსკურსიები Cinque Terre-ში ან მშვენიერ Portovenere-ში, სტუმრებს შეუძლიათ გაისეირნონ მთებში და მოინახულონ ღვინის, ზეითუნის ზეთისა და ყველის საწარმოები, ეკოფერმის მწვანე ტერიტორია, ზეთისხილის კორომებითა და ვენახებით გარშემორტყმული ადგილები. ასევე, შესაძლებელია სასტუმროს კერძო ნავით საკრუიზო თავგადასავლის მოწყობა და ზღვაში გასეირნება.


ფოტოს წყარო: Belmond Hotel Splendido