8 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ UNStudio-ს თანადამფუძნებლის, ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის, კაროლაინ ბოსის ლექციას უმასპინძლა. კაროლაინ ბოსი მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი და იელის არქიტექტურის სკოლის, ნორმან ფოსტერის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორია, მისი სწავლების ძირითადი მიმართულება არქიტექტურული ნამუშევრების ინკლუზიური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და ფიზიკურ ორგანიზებასა და მშენებლობის ინჟინერიას. ბოსის ცნობილ პროექტებს შორის არის ერაზმუსის ხიდი როტერდამში, მუზეუმი Het Valkhof ნაიმეგენში და Moebius-ის სახლი. 1988 წლიდან კაროლაინ ბოსი UNStudio-ს თანადამფუძნებელია. ეს არის სპეციალისტთა ქსელი არქიტექტურის, ურბანული დეველოპმენტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. ‘’შეკეთება’’ - ასე ჰქვია ლექციას, რომელიც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. მისი მთავარი თემის, არქიტექტორის კარიერისა და UNStudio-ს შესახებ ვრცლად მოგვიყვება კაროლაინ ბოსი. 

Yunfu Duan - Caroline Bos
ლექციის სათაურია - ‘’შეკეთება’’, რა არის მისი მთავარი თემა და რას ნიშნავს სათაური, როგორ ეხმიანება და უკავშირდება ის ლექციის მთავარ თემას?


რაც მე ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია წლევანდელი ლექციის თემასთან დაკავშირებით, არის ის, რომ ‘’შეცდომების გასწორების’’ ინტერპრეტაცია მრავალი გზით შეიძლება. ეს არის დამაფიქრებელი მოწოდება მოქმედებისკენ. ამჟამად ჩვენ ვდგავართ მრავალი სერიოზული საკითხის წინაშე, რომელიც აწუხებს მთლიან სამყაროს, ყველას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ვართ - არქიტექტორები, ურბანისტები, სტუდენტები თუ მოქალაქეები. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რადგან თითოეულს შეგვიძლია რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთება, წვლილის შეტანა და კრიტიკული მზერით შეხედვა სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი პროფესია მიდრეკილია შეცდომების არსებობისკენ, რომლებიც, სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად არის დაშვებული, ეს უკავშირდება თითოეული ჩვენგანის შეხედულებას. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვახდინოთ რეფლექსია მარცხზე და გავაუმჯობესოთ ყველაფერი, რასაც ვქმნით, შემდეგ ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გავაუმჯობესოთ ისინი? სწორედ  UNStudio-ში ვცდილობთ დავნერგოთ ჰოლისტიკური მიდგომა - მოდით, ნუ დავრჩებით ჩარჩოებს მიღმა, ვისწავლოთ ბუნებისგან, მივმართოთ ჩვენი კონცენტრაცია იმ ეკოსისტემისკენ, რომლის მთავარი ნაწილიც ვართ და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სიკეთეზე შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. 

ფოტო: სანდრო სულაბერიძე
როგორ ფიქრობთ, ვინ არის სამიზნე აუდიტორია ამ ლექციაზე?


ვფიქრობ, არქიტექტორები და ურბანისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები. ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა გავუზიაროთ მათ ჩვენი ცოდნა და მივიღოთ უკუკავშირი. ჩემთვის კი საღამოს საუკეთესო ნაწილი ყოველთვის არის საინტერესო დისკუსია.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე საინტერესო და აუცილებელი თემა, რომელიც არქიტექტორებმა უნდა იკვლიონ?


ჯანმრთელობა! ყველას და ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ამ საკითხის გაუმჯობესებისკენ. ამ მიზეზით, ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს უნარებს, ცოდნას და ტექნოლოგიურ გამოცდილებას. მაგალითად, ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი, რომელსაც ვუწოდებთ Carbon Builder-ს. ის იკვლევს შენობაში ნახშირბადის ნაკვალევს. ტექნოლოგიის ეს უახლესი ინსტრუმენტი შედგება დიზაინის მდგრადი ჩარჩოსგან, რომელიც, სხვა აპლიკაციებთან ერთად, საშუალებას აძლევს ჩვენს დიზაინერებს სრული კონტროლი ჰქონდეთ ნახშირბადის ზემოქმედებაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ პირველად შედეგებს, ამ პროგრამული პროტოტიპის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირება უახლესი საოფისე შენობისთვის დაახლოებით 80%-ით.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე
მოგვყევით თქვენი კარიერის შესახებ, თქვენ ხართ კომპანია UNStudio-ს თანადამფუძნებელი, რომელსაც ბევრი წარმატებული პროექტი აქვს, როგორ დაფუძნდა თქვენი კომპანია? 


მე და ბენ ვან ბერკელმა დავიწყეთ ერთად მუშაობა, როცა სტუდენტები ვიყავით, 1982 წელს, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო... ჩემი პირადი წვლილი ყოველთვის იყო და არის უფრო მეტად თეორიული და ანალიტიკური. ბენი ნამდვილი არქიტექტორია და არასოდეს ლაპარაკობს ესკიზის რულონისა და რამდენიმე კალმის გარეშე. ჩვენი პირველი პრაქტიკის დაწყებიდან მალევე, 1988 წლის ბოლოს, შემოგვიერთდნენ კოლეგები, რომლებსაც აქვთ ფასდაუდებელი წვლილი არქიტექტურაში. ეს "ოჯახი" აგრძელებს ზრდას და დღეს ძალიან კარგია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია UNStudio-ს მისცეს შესაძლებლობები ამდენ ადამიანს. ამჟამად კომპანიის თანამშრომლები - 400-ზე მეტი ვართ მთელ მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ შემხვედრია ყველა მათგანი - თითქმის გარანტიას გაძლევთ, რომ ყველას უყვარს ჩვენი UNStudio და ეს გუნდი შედგება მართლაც შესანიშნავი, კეთილი, ჭკვიანი, ყურადღებიანი და საქმისთვის თავდადებული ადამიანებისგან. 

STH BNK by Beulah
რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო პროექტი? 


ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია.  რა თქმა უნდა, ჩვენ განვიცდით სიხარულსაც და იმედგაცრუებასაც, მაგრამ არასდროს გვაკლდება ინტერესი - როგორც კარგი, ასევე ცუდი - ეს არის საქმის ნაწილი. ჩვენ ვგრძნობთ თავს იღბლიანად, რომ გვაქვს უამრავი სამუშაო და შეგვიძლია ვაწარმოოთ ისეთი რამ, რაშიც ჩართული იქნება ხალხი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი - შევქმნათ დასამახსოვრებელი და ცოცხალი ადგილები, განვავითაროთ ჩვენი წარმოსახვა და ფანტაზია და მივიღოთ გამოცდილება, რომლის მიღწევაც შესაძლებელია განსხვავებული ტიპის შენობებითა და პარამეტრებით.

Hufton+Crow-UNStudio-Raffles City
რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოზე, რა მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად? 


უკვე თითქმის 12 წელია ვსტუმრობ საქართველოსა და თბილისს და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. აქ გავატარე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო არდადეგები, როდესაც სალაშქროდ წავედით კავკასიონის მთებში, ნაწილობრივ ცხენებით, და ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. ასევე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა თბილისის ქუჩებში სეირნობა და ერთმანეთის მიყოლებით ფანტასტიკური შენობების აღმოჩენა. ძალიან მიხარია, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას, მთელ მსოფლიოს - კიდევ ერთხელ, ჩვენ გვჯერა ჰოლისტიკური ხედვის! როგორც ჩვენი სახელწოდება ამბობს - ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ...

ფოტო: სანდრო სულაბერიძე
თქვენი კომპანია მუშაობს თიბისის ახალ შენობაზე, გვითხარით ამის შესახებ, რა იქნება ახალი შენობის მთავარი მახასიათებელი?


ეს პროექტი ნამდვილად მავსებს ენთუზიაზმით, უფრო მეტს და ვრცლად კი უფროსი არქიტექტორი რომან ქრისტესიაშვილი მოგიყვებათ:

TBC Bank
TBC-ის ახალი სათავო ოფისი - ახალი დანამატი ფინ-ტექნიკური კამპუსის სამყაროში, იმოქმედებს როგორც კატალიზატორი ქალაქის ახალი ტერიტორიის განვითარებაში. კომპლექსი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ფინანსური ცოდნის ცენტრისა და ინოვაციების პლატფორმის შექმნის გზით. ჩვენ დავაპროექტეთ ეს ინოვაციური კამპუსი „Inside-out“ მიდგომით და პრიორიტეტული გავხადეთ იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებიც გამოიყენებენ მას. დიზაინი შთაგონებულია ისტორიული მაღალმთიანი სოფელი შატილით, სადაც მთავარია არქიტექტურის ბუნებასთან შერწყმა. მთის ქედის პირას განთავსებული სივრცე განიხილება, როგორც დანიშნულების ადგილი არა მხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ თბილისის მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის. მასში იქნება ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უმასპინძლებს ღონისძიებებს, TED მოლაპარაკებებს და იქნება ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციების ცენტრი. Experience Design Lobby სპეციალურად შექმნილია ვიზიტორების ჩართულობისთვის და უნიკალური გამოცდილების მისაღებად, ხოლო საკვებისა და სასმლის მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს კამპუსის ერთიანობას, როგორც მრავალმხრივი დანიშნულების ადგილს. მთლიანობაში, თიბისის შტაბ-ბინა უნდა გახდეს ფინანსური ცოდნისა და ინოვაციების აქტიური ცენტრი და გადამწყვეტი როლი შეასრულოს თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.