ანგელოზის ფრთები, ძვირფასი და ბრჭყვიალა თეთრეული, გრანდიოზული შოუ, სუპერმოდელები და პერფომანსები - ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში Victoria’s Secret-ის ჩვენება გაიმართა, რომელშიც მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა. ბრენდის მრავალწლიან ისტორიაში მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოხვდა.
წლების შემდეგ Victoria’s Secret-ის შოუზე უამრავი საკულტო სუპერმოდელი დაბრუნდა, რომლებსაც ბრენდთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, მათ შორის არიან - ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ქეით მოსი, ქენდის სვანეპული, დაუზენ კრუსი, ტაირა ბენქსი და ისაბელ ფონტანა. ასევე ჩვენებაზე ვიხილეთ თანამედროვე სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეები - ნოკ იაი, იმან ჰამამი, ლაილა მოსი, ვიტორია ჩერეტი. ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა გახსნა, ხოლო დახურა ბელა ჰადიდმა. Victoria’s Secret-ის შოუ მუსიკალურად სამმა შემსრულებელმა გააფორმა, პერფომანსები შეასრულეს ისეთმა თანამედროვე ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კეი-პოპის ვარსკვლავი Lisa და სამხრეთაფრიკელი ცნობილი მომღერალი Tyla, ჩვენებაზე მესამე შემსრულებელი ლეგენდარული Cher იყო, რომელმაც მისი ორი ყველაზე ცნობილი და საკულტო სიმღერა - ‘’Strong Enough’’ და ‘’Believe’’ შეასრულა.
წელს Victoria’s Secret-ის ჩვენება ბრენდის ოფიციალური არხების პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, მათ შორის - Youtube-სა და Instagram-ზე, შოუს ასევე პირდაპირი ტრანსლაციით აშუქებდა Amazon Prime, მხოლოდ Youtube-ზე კი ჩვენებას 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. Victoria's Secret-ის ჩვენება პირველად 1995 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართებოდა 2018 წლამდე, თუმცა რეიტინგის მკვეთრი დაცემის გამო შოუ ხუთი წლის განმავლობაში გაუქმებული იყო. Victoria’s Secret-ის დიდი დაბრუნება და მასშტაბური ჩვენება ბრენდის ამჟამინდელ შემოქმედებით ხელმძღვანელს - ჯენი შაფერსა და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს - სარა სილვესტერს უკავშირდება.
ფოტოს წყარო: Elle, Harper's Bazaar
დაწერე კომენტარი