ფრანგული მოდის სახლი Jacquemus ახალ კამპანიას აქვეყნებს, Love in NYC ნიუ-იორკის ქუჩებშია გადაღებული, განსაკუთრებული აქცენტით წყვილებსა და სიყვარულზე. ახალი კამპანიის ფოტოები და ვიდეოები, რომელიც ფოტოგრაფმა Tom Kneller-მა გადაიღო, ქალაქში პირველი Jacquemus-ის მაღაზიის გახსნას ეძღვნება.
მოდელებმა სამოსი Jacquemus-ის ახალი კოლექციიდან მოირგეს, მაგალითად, ზებრას პრინტის პალტო - The Caruso Coat. ფართო შარვლებითა და პიჯაკებით, ტყავის თრენჩებით, ორიგინალური პერანგებითა და მონოქრომული, დახვეწილი სილუეტებით ისინი ნიუ-იორკის მზიან ქუჩებში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გადაიღეს.
Jacquemus-ის ახალი ბუტიკ-მაღაზია 18 ოქტომბერს ქალაქის ცნობილ უბანში - სოჰოში, EST 143 Spring Street-ზე გაიხსნება და დილიდან სტუმრებს ამ მოვლენის აღსანიშნავი საუზმით უმასპინძლებს. ასევე გაიმართება სახლის Rond Carré ჩანთის გათამაშება. Jacquemus-ის ბუტიკები მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში მდებარეობს, ეს კი ფრანგული სახლის პირველი დამოუკიდებელი მაღაზია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შარშანდელ ზამთარში Jacquemus-მა პირველი სამთო ბუტიკ-მაღაზია საფრანგეთის ალპურ სამთო-სათხილამურო კურორტ კურშაველში გახსნა, წლევანდელი ზაფხულის სეზონზე კი Jacquemus La Renaissance სან-ტროპეს ლაჟვარდოვან სანაპიროზე გამოჩნდა. გარდა ამისა, ბრენდი ცნობილია თავისი ორიგინალური და საინტერესო Pop-up კონცეფციის მაღაზიებით სხვადასხვა ქალაქში. პირველი მაღაზია ამერიკაში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდებოდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოდის სახლისთვის.
ფოტოს წყარო: Jacquemus
დაწერე კომენტარი