Document Journal-მა ახალი 2024–25 წლის შემოდგომა-ზამთრის ნომერი გამოუშვა, რომლის მთავარი სახე ქლოე სევინია, მასთან ერთად კი პოეტი და მწერალი აილინ მაილსი მონაწილეობს. ახალი გამოშვებისადმი მიძღვნილი კამპანია ფოტოგრაფმა მაიკლ ბეილი გეითსმა გადაიღო, მოდელების სტილზე კი პოლ სინკლერმა იზრუნა.

ჟურნალის გადაღებისთვის ქლოე სევინმა და მაილსმა ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი Saint Laurent-ის ახალი კოლექციის სამოსი მოირგეს. სევინი და მაილსი ჟურნალისთვის პროვინსტაუნში გადაიღეს, გარდა ფოტოებისა, ჟურნალი მათ გულწრფელ საუბარს  აქვეყნებს, რომელშიც ქლოე მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ხელოვნებაზე და სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს. 

ცოტა ხნის წინ ქლოე სევინი ასევე მოხვდა Saint Laurent-ის 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კამპანიაში, რომელიც იურგენ ტელერმა გადაიღო და როგორც Saint Laurent-ის მარადიულ ხელწერასა და ენტონი ვაკარელოს ხედვას, ისე ქლოი სევინის დახვეწილ სტილს გაუსვა ხაზი. ქლოი სევინმა კამპანიისთვის ახალი კოლექციიდან მორგებული შარვალ-კოსტიუმი, ტყავის ქურთუკი და მაქმანებიანი გამჭირვალე ქვედაბოლო მოირგო, ასევე წარადგინა სახლის საკულტო Sac De Jour ჩანთის ახალი ვერსიები, რომლებიც ამ სეზონის ყველაზე აქტუალურ - შავ, შოკოლადის და შინდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.


ფოტოს წყარო: Document Journal, Saint Laurent