Giorgio Armani-მ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ნიუ-იორკში გამართა, რომელშიც ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მიიღო მონაწილეობა. როგორც წესი, Armani-ს კოლექციის ჩვენებები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იმართება, თუმცა წლევანდელი განსხვავებული და გამორჩეული ლოკაცია ნიუ-იორკში ახლად გახსნილ Giorgio Armani Residences-თან და ქალაქის ახალ ფლაგმან-ბუტიკთან არის დაკავშირებული. მოდის სახლის ჩვენებას ნიუ-იორკმა ბოლოს 2013 წელს უმასპინძლა.
ახალი კოლექციის ჩვენება ასევე მიეძღვნა ბრენდის 50 წლის და სახლის დამაარსებლის, ლეგენდარული ჯორჯო არმანის 90 წლის იუბილეს. დიზაინერმა შთაგონება იმ კინემატოგრაფიული მომენტებიდან მიიღო, რომელიც წლების განმავლობაში უნახავს ნიუ-იორკს. „Giorgio Armani პატივს სცემს ქალაქს, რომელიც განასახიერებს კოლექტიურ ოცნებას - უამრავი კინემატოგრაფიული ისტორიით’’ - გარდა ამისა, არმანის კარიერის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ნიუ-იორკს უკავშირდება.ახალმა კოლექციამ გააერთიანა ქალისა და მამაკაცის სამოსი პასტელურ და ნეიტრალურ ფერებში - ყავისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი, ატმისფერი და კრემისფერი. კოლექციაში ჭარბობდა აბრეშუმის სამოსი, გრძელი და მოკლე ‘’თრენჩები’’, ქურთუკები, პიჯაკები და სილუეტები, რომლებიც 1930-იან და 40-იან წლებს მოგვაგონებს, ასევე მრავლად შევხვდით Armani-ს დამახასიათებელ ათასობით მძივით მორთულ მოციმციმე კაბებს.
ფოტოს წყარო: Vogue Runway, Giorgio Armani
დაწერე კომენტარი