Marc Jacobs-მა Warner Bros. Discovery Global Consumer Products-თან თანამშრომლობით წარადგინა ახალი კაფსულა კოლექცია, რომელიც საკულტო ფილმის, "ოზის ჯადოქრის’’ 85 წლის იუბილეს აღნიშნავს, ახალი კოლექციის კამპანიაში ქართველი მოდელი  მატილდა გვარლიანი მონაწილეობს. მოდის სახლმა შექმნა კინემატოგრაფიული გამოსახულებები და ფერადი პრინტები, რომლითაც სამოსი, აქსესუარები და ბრენდის ცნობილი ჩანთებია გაფორმებული, მათ შორის არის The Tote Bag, The Snapshot და The Sack Bag ჩანთების ახალი ვერსიები, რომლებიც სხვადასხვა ზომითა და ფერითაა წარმოდგენილი.

კოლექცია დიზაინერ მარკ ჯეიკობსის "პირად გატაცებას" ეხმიანება და ხაზს უსვამს ფილმს, რომელსაც მის პროექტებზე აქამდეც ჰქონია გავლენა. ახალ კოლექციაში ფერად ჩანთებთან ერთად, პრინტებიან მაისურებს, ჰუდებს, ჯინსის სამოსს, ატლასის კაბებსა და მაღალქუსლიან ‘’მერი-ჯეინის’’ ფეხსაცმელებს შეხვდებით. “ოზის ჯადოქრის” შთაგონებით მოდის სახლმა ასევე შექმნა ჩანთის საკიდები, ჩარმებით გაფორმებული სამკაული - ყელსაბამები, საყურეები და სამაჯურები. ახალი კაფსულა კოლექცია როგორც ონლაინ, ისე Marc Jacobs-ის შერჩეულ ბუტიკებში გაიყიდება.



ფოტოს წყარო: Marc Jacobs