Romain Laprade პარიზში მოღვაწე ფოტოგრაფია, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადგილებში აღბეჭდავს ყველაზე გამორჩეულ, ხშირად შეუმჩნეველ დეტალებს - შუა საუკუნის შენობებისა და დახვეწილი ინტერიერის გადაღებიდან დაწყებული ბუნებრივ პეიზაჟებამდე, ლაპრადი ქმნის ფოტოებს, რომელშიც ბუნებისა და ადამიანის ხელით შექმნილი გარემო თბილი ფერებით ერწყმის ერთმანეთს.
მარტივი და მინიმალისტური დეტალების გადაღება, გეომეტრიული ფორმები, კომპოზიციები და დახვეწილ ფერთა პალიტრა ლაპრადის ფოტოებს უნიკალურ ხასიათს და დამახასიათებელ ესთეტიკას სძენს. ფოტოგრაფის შთაგონების წყარო ხშირად ამერიკული ფოტოგრაფიაა - უილიამ იგლსტონის, საულ ლეიტერის და ენდი უორჰოლის ნამუშევრები, ასევე დევიდ ჰოკნის, ლუიჯი გირის და რეჟისორების - ერიკ ჰომერის და ჟაკ ტატის. გარდა ამისა, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობაში ნანახმა ფილმებმა, ჟურნალებმა და სურათებმა, ასევე ლაპრადის მუდმივი შთაგონებაა მისი ადრეული წლების არდადეგები სამხრეთ საფრანგეთში.
სწორედ სამხრეთ საფრანგეთის ესთეტიკა და სამოციანი წლების ხასიათი სძენს ლაპრადის შემოქმედებას ნოსტალგიურ ელფერს. მისი მრავალფეროვანი პორტფოლიო აერთიანებს თითქმის ყველანაირ გარემოს, იქნება ეს ადგილობრივი მაღაზიების ვიტრინები, ტროპიკული ადგილები, შუა საუკუნის სახლები, არქიტექტურის ნიმუშები, სანაპიროები და ბაღები - თითოეულ სივრცეში ლაპრადი განსხვავებულ სილამაზეს ხედავს და წარმოაჩენს. ხანდახან ისეთი უბრალო დეტალები, როგორიცაა ლამპიონი, მანქანა ქუჩაში ან სასადილო მაგიდა ფოტოგრაფის ხედვით განსაკუთრებულ ესთეტიკას იძენს.
„ჩემი მთავარი პრინციპია - ვიმუშაო რაც შეიძლება ბუნებრივად. არ მიყვარს პროექტებზე ზედმეტი ფიქრი, მინდა შედეგი იყოს მარტივი, ლაკონიური და ამავდროულად, ვიზუალურად ემოციური. მიყვარს სილამაზის პოვნა ყოველდღიური ცხოვრების დეტალებში. ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ გარეთ გასვლა და ახალი ადგილების აღმოჩენა... რაც შეეხება კომერციულ ნამუშევრებს, ვიწყებ პოტენციურ კლიენტთან დისკუსიით, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ესთეტიკა და ფილოსოფია შეესაბამებოდეს ბრენდს.’’ - აღნიშნავს ფრანგი ფოტოგრაფი.
გარდა პეიზაჟების, სხვადასხვა ქალაქების და ყოველდღიური ცხოვრების აღბეჭდვისა, Romain Laprade ხშირად მუშაობს მოდის სახლებთან და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ ცნობილ მოდის ბრენდებთან, როგორებიც არის Louis Vuitton, Paco Rabanne, Isabel Marant. მან ასევე გამოსცა თავისი შემოქმედების ამსახველი ფოტოწიგნები - "Distance" და "Palm Springs".
ფოტოს წყარო: Romain Laprade
დაწერე კომენტარი