მიუნხენში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - Lenbachhaus 12 ნოემბრიდან 2025 წლის 27 აპრილამდე ქართველი ხელოვანის, თეა ჯორჯაძისა და როზმარი ტროკელის ერთობლივ გამოფენას უმასპინძლებს. ხელოვანების მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა 1998-2001 წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც თეა ჯორჯაძე იყო ტროკელის სტუდენტი დიუსელდორფის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და განახორციელეს რამდენიმე ერთობლივი პროექტი. მიმდინარე გამოფენაზე, სახელწოდებით „სიცოცხლის შეზღუდვა“, ხელოვანები აერთიანებენ პოეტ არტურ რემბოს რეფლექსიებიდან შთაგონებულ თემებს და შეისწავლიან სილამაზის იდეას.

გამოფენა აერთიანებს ხელოვანების ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და დამახასიათებელ ხელწერას. ნამუშევრებში წარმოდგენილია ტროკელის ტექსტილის ელემენტები, იგი იყო ერთ-ერთი პირველი ხელოვანი ქალი გერმანიაში, ვინც შეებრძოლა გენდერულ სტერეოტიპებს „ქალური“ კონოტაციის მქონე მასალების გამოყენებით, როგორიცაა მატყლი, 2000 წელს მან წარმოადგინა პერსონალური გამოფენა Lenbachhaus's Kunstbau-ში, სადაც გამოიფინა მისი ნაქსოვი და შალის ნამუშევრები. თეა ჯორჯაძის ნამუშევარი მოიცავს პოსტმოდერნიზმისა და კონცეპტუალური ხელოვნების აბსტრაქტულ გეომეტრიულ ფორმებსა და მასალებს, ხელოვანი ცნობილია ლითონით დამზადებული სკულპტურული ობიექტებით, მიმდინარე გამოფენაზე მისი ინტერესი ამ მასალის მიმართ აისახება ისეთი ელემენტით, როგორიცაა ლითონის წყლის აუზი.


ფოტოს წყარო: Lenbachhaus