თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის გამოფენა - ‘’An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები’’, რომელიც ARCH+-თან თანამშრომლობით იმართება და დამთვალიერებელს 15 ნოემბრამდე უმასპინძლებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაბატონებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს. გამოფენა მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს "ჩვენ", როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.
სოციალური მედია, კომპანიები და სხვადასხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნესმოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა "საზოგადოება", "გაზიარება" ან "ჩვენ", გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც აღარ წარმოადგენენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით.
პროექტი ‘’კოლექტიური წარმოების ადგილები’’ ფოკუსირებულია ურბანულ საჯარო ქონებაზე, სადაც საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე. შესაბამისად, ცენტრალურ ნაწილს იკავებს "საერთოობა”, როგორც ზმნა. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს წარმოებასა და რეპროდუქციას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას არსებულ ურთიერთობებში. პროცესი, რომელშიც იქმნება სოლიდარობის ქსელები და ხელახლა განისაზღვრება ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები.
თინათინ გურგენიძე, თბილისის გამოშვების კურატორი:
‘’თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში 2020 წელს ''საერთოობის'' თემაზე ჩავატარეთ ბიენალე და სწორედ ამ დროს დავუკავშირდით მიმდინარე გამოფენის მთავარ კურატორს - სტეფან გრუბერს, რომელიც 2020 წელს ბიენალეს მონაწილეც იყო და ამის შემდგომ წარმოიშვა იდეა, რომ გამოფენას საქართველოშიც ემოგზაურა. ჩვენთვის ეს გამოფენა საინტერესო და რელევანტურია ჩვენივე კონტექსტში - საქართველოში მომხდარმა სისტემის რადიკალურმა ცვლილებამ, საბჭოთა კავშირის დაშლამ, ხშირ შემთხვევაში ურბანულ სივრცეში დაგვაკარგვინა საერთოობის აღქმა. ნებისმიერი რამ, იქნება ეს სახლი, კორპუსი, ქალაქი, ქვეყანა, ტყე თუ მდინარე, თითოეული ჩვენგანის საკუთრება რომაა, აღსაქმელად გახდა ძალიან რთული, მნიშვნელოვნად დაიკარგა ''საერთოობის'' აღქმა და სწორედ ამაზე გვსურდა აქცენტის გაკეთება და ასეთი მაგალითების წარმოჩენა გამოფენაზე. ჩვენ რეალურად ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო და მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს იმის გააზრება, თუ რა გვეკუთვნის ჩვენ, ქვეყნის მცხოვრებლებსა და მოქალაქეებს, რატომ ვართ პასუხისმგებელნი, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს.
გამოფენა ‘’კოლექტიური წარმოების ადგილები’’ თავდაპირველად გაიხსნა 2018 წელს გერმანიაში, ბერლინში და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. გამოფენა სხვადასხვა ინიციატივების შედეგებზე, ადგილების დაკვირვებაზე და ერთმანეთისგან განსხვავებულ მაგალითებზეა დაყრდნობილი იმ მიზნით, რომ განმარტოს რას ნიშნავს ''ჩვენ'' ურბანულ სივრცეებში და არქიტექტურაში, რადგან ხშირ შემთხვევაში კოლექტიური ადგილები დაკარგულია დღევანდელ ყოფაში და სწორედ ამ კოლექტიური წარმოების ადგილებისა და პრაქტიკების აღმოჩენას ეფუძნება ეს პროექტი. სანამ გამოფენა გაიხსნებოდა თბილისში, ერთი წლით ადრე ჩატარდა ადგილობრივი მაგალითების კვლევა, რაც ასევე გახდა გამოფენის ნაწილი.
გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებულ მედიუმში შესრულებული ნამუშევრები - დამთვალიერებელი იხილავს ფილმებს, მაკეტებს, ფოტოებს, რუკებს, მულტიმედიურ მასალას. ვფიქრობ, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეს და შენობას ძალიან კარგად მოერგო ჩვენი გამოფენა და ნამუშევრები საინტერესოდ გადანაწილდა ორ სართულზე’’.
დაწერე კომენტარი