Skims და Dolce & Gabbana ახალ, ერთობლივ კამპანიას წარმოადგენენ, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფმა ნადია ლი კოენმა კამპანიის მთავარი სახე, Skims-ის დამფუძნებელი კიმ კარდაშიანი აღბეჭდა. თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა კოლექცია, რომელიც აერთიანებს Dolce & Gabbana-ს იტალიურ ხასიათსა და ესთეტიკას და Skims-ის კომფორტსა და პრაქტიკულობას.

IMG_5697.jpeg 286.12 KB
კოლექციაშია სამოსისა და საცვლების მრავალფეროვანი არჩევანი, გამორჩეული სტილი ორივე ბრენდის არქივიდან. Skims-ის კლასიკური კომპლექტები გაფორმდა Dolce & Gabbana-ს ლეოპარდის საკულტო პრინტით, წარმოდგენილია თეთრეული, აბრეშუმის საღამურები, კორსეტები, თითოეული მათგანი კი აქცენტს აკეთებს ტექსტურაზე, პრინტებზე, კომფორტსა და დეტალებზე. Skims-ის მთავარი მიმართულება და ჩანაფიქრი, რომ მათი თეთრეული ნებისმიერი სხეულის ფორმის ადამიანს მოერგოს, რა თქმა უნდა, ახალ კამპანიაშიც გათვალისწინებულია. როგორც Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლები - დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა აღნიშნავენ, Skims-ის ღირებულებები ძალიან ახლოს არის იტალიურ მოდის სახლთან. 

„ჩემს მეგობრებთან, დომენიკოსა და სტეფანოსთან თანამშრომლობა Dolce & Gabbana-სა და Skims-ის სპეციალურ კოლექციაზე ჩემთვის დიდი პატივია, - აღნიშნა კიმ კარდაშიანმა,  - ჩვენ ავიღეთ Dolce & Gabbana-ს კლასიკური სილუეტები, ლეოპარდის პრინტები და შევქმენით ახალი დიზაინის სამოსი, მაქსიმალური კომფორტით, რითაც ცნობილია Skims. ეს ნამდვილად საკულტო პარტნიორობაა, რომლის გაზიარებაც ძალიან მიხარია”.  Dolce & Gabbana x Skims კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება 19 ნოემბრიდან Skims-ის ვებგვერდზე, მის მაღაზიებში და Dolce & Gabbana-ს შერჩეულ ბუტიკებში.



ფოტოს წყარო: Skims, Nadia Lee Cohen