ლონდონში მდებარე ლეგენდარული სასტუმრო Claridge’s სადღესასწაულო ტრადიციას აგრძელებს, რომელიც მოწვეული დიზაინერის მიერ საახალწლო ნაძვის ხის გაფორმებას გულისხმობს - წლევანდელი საახალწლო ნაძვის ხის დიზაინი ბრიტანელმა დიზაინერმა Paul Smith-მა შექმნა, რომელმაც სასტუმროს მისაღებს თავისი დამახასიათებელი სტილით სადღესასწაულო განწყობა შემატა. წლების განმავლობაში Claridge’s ნაძვის ხის შექმნა სხვადასხვა მოდის სახლსა და ცნობილ დიზაინერებს უკავშირდებათ, მათ შორის არიან კარლ ლაგერფელდი, ალბერ ელბაზი და ჯონ გალიანო.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ის და მისი ოჯახი წლების განმავლობაში სტუმრობენ Claridge’s სასტუმროს და მას ერთ-ერთ საყვარელ ადგილად თვლიან. ახალი ნაძვის ხის სიმაღლე დაახლოებით 6 მეტრია, დიზაინერმა ის ასი ხის ჩიტის ყუთით, პატარა ბაფთებითა და უამრავი მოციმციმე ნათურით გააფორმა. ‘’მინდოდა ჩვენს ნაძვის ხეს ჰქონოდა ღია სივრცის და სუფთა ჰაერის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ცენტრში, სასტუმროს მისაღებში დგას”. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დიზაინერმა მთავარი აქცენტი ხის სათამაშოებზე გაეკეთებინა, რომლის დიზაინზეც მან Nik Ramage-თან და Studiomama-სთან ერთად იმუშავა.
Nik Ramage-ს Paul Smith-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ის ყოველდღიური, მარტივი ობიექტებით ქმნის საინტერესო და კრეატიულ ნამუშევრებს, სწორედ მან იმუშავა ხის ყუთებზე, რომელიც პატარა სათამაშო ჩიტების საცხოვრებელია, Paul Smith-ის დიზაინით შთაგონებულ ხის ჩიტების შექმნაზე კი Studiomama-მ იზრუნა. წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროის გასაზიარებლად Claridge’s უკვე მზად არის და სტუმრებს შემოქმედებით და ძალიან ფერად ნაძვის ხეს ახვედრებს - ‘’ჩვენ გვაქვს პატივი სასტუმროში მრავალი წლის განმავლობაში ვუმასპინძლოთ Paul Smith-სა და მის ოჯახს, წელს განსაკუთრებულად ველოდებოდით მის უნიკალურ და განუმეორებელ ხედვას ჩვენი ყოველწლიური გამოწვევის ფარგლებში - მან შექმნა ძალიან ჯადოსნური გარემო სასტუმროს მისაღებში.’’ - აღნიშნავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი პოლ ჯექსონი
ფოტოს წყარო: Paul Smith, Claridge's, WWD
დაწერე კომენტარი