“შვიდნი, მერვეს გარეშე” სახელწოდებაა ექსპოზიციის, რომელიც ქართველმა თანამედროვე მხატვარმა, ლია ბაგრატიონმა წინანდლის მამულის, საგამოფენო სივრცე “გვირაბისთვის” სპეციალურად შექმნა. თიხის 7 მრავალშრიანი ფიგურა დავიწყებული ისტორიის ერთგვარი ბილიკია. 3 მეტრიანი თანაბარი ინტერვალებით დაშორებული მასიური ნამუშევრები მუდმივი გამეორების ილუზიას ქმნის. აქ იკითხება მონანიების, მეხსიერების, გამძლეობის, ტრავმის, ქვეცნობიერი ფიქრების მეტაფორა. მათ მდუმარების და მარტოობის მოწმეებად აღიქვამს მნახველი.
თანამედროვეობის გამორჩეული შემოქმედი ლია ბაგრატიონი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, არის ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი და კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC-ის) წევრი ჟენევასა და შვეიცარიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თიხის, როგორც ტრადიციული მასალის, პოპულარიზაციაში. მხატვარი ყოველთვის ახერხებს ზუსტად გადმოსცეს სათქმელი, ამავდროულად მაყურებელს ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელ სივრცეს უტოვებს. “გვირაბში” წარმოდგენილ ინსტალაციაში არტისტმა გამომშრალი, მყიფე ფიგურები მიწასთან მიაჯაჭვა. ექსპოზიცია წინანდლის მამულში 30 აგვისტომდე დარჩება.
“გვირაბი” წინანდლის მამულში მდებარე ისტორიული შენობაა, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და გამოფენები იმართება. აგურით ნაშენი, მასშტაბური თაღისებრი, გამორჩეული სივრცეა, მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას ერთმანეთთან კულტურის მეშვეობით აკავშირებს. აქ უკვე გაიმართა გოგი და ქეთუთა ალექსი - მესხიშვილების და უტა ბექაიას ექსპოზიბიები. კულტურული ღონისძიებების სერიები წინანდლის მამულში კომპანია სილქნეტის და სილქ ფოსფითალითის მხარდაჭერით იმართება.
დაწერე კომენტარი