ქართულმა ბრენდმა Reckless-მა ახალი კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით “RECKLESS TALES & DREAMS”. კოლექციის კონცეფცია სიზმრებში მოგზაურობის თემას ეხმიანება და გარდამავალი მდგომარეობის - გონების სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის ისტორიას გვიყვება. ახალ კოლექციაზე Reckless-ის დიზაინერებმა - ანკა ქოიავამ, მასუ მწარიაშვილმა და ლიზა ყაჯრიშვილმა იმუშავეს. სპეციალურად კოლექციისთვის ხელოვანმა უტა ბექაიამ ახალი პერსონაჟი შექმნა. Reckless-ის დიზაინერები მოგვიყვებიან ახალი კოლექციის იდეასა და შთაგონებაზე

RECKLESS TALES & DREAMS გვიყვება გარდამავალი მდგომარეობის ისტორიას, არა ცხოვრების გარდამავლობის, არამედ გონების სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის. ამ შემთხვევაში ეს სამყაროები ზღაპრები და სიზმრებია. ზღაპრები ბავშვობაში ჩვენი ერთ-ერთი პირველი გამოცდილებაა, სადაც ცნობიერიდან არაცნობიერ მდგომარეობაში გადასვლის საშუალება გვეძლევა და საკუთარი სამყაროს შექმნას ვიწყებთ. იქ ჩნდებიან როგორც კარგი, ისე ცუდი პერსონაჟები, თუმცა ჩვენ თავად განსაზღვრავთ მათ სახეს. ზღაპრები გვასწავლიან წარმოსახვას, მაგრამ გვაცნობენ შიშებსაც. როცა ადამიანი იზრდება, ზღაპრებს თითქოს სიზმრები ანაცვლებს - უფრო რთული, პირადი და მრავალშრიანი. სწორედ ამ გარდამავლობის იდეამ შექმნა კოლექციის კონცეფცია. კოლექცია სამ ნაწილად დავყავით: ბნელი, მსუბუქი და „ლუპი“ - ციკლი, რომელიც მუდმივად ტრიალებს. ეს სამნაწილიანი სტრუქტურა გადმოტანილია დიზაინშიც. წარმოდგენილია ახალი ქსოვილები და ტექსტურები, თუმცა უცვლელი დარჩა Reckless-ის ხელწერა და სილუეტი.

როგორ გაჩნდა კოლექციის შექმნის იდეა და რა იყო შთაგონების წყარო?

ჩვენი კოლექციები და კამპანიები ხშირად ეხება თემებს, რომლებიც მოზარდებს აწუხებთ, მაგრამ ამჯერად შევეხეთ საკითხს, რომელიც უნივერსალურია - როგორ ცვლის ზრდასრულობის პროცესში ადამიანი ბავშვობის ზღაპრებს სიზმრებით და რა ზეგავლენას ახდენს ძველად მოყოლილი ზღაპრები ჩვენს ახლანდელ წარმოსახვით სამყაროზე. შთაგონება ეს გარდამავალი სივრცეა: ცნობიერიდან არაცნობიერში გადასვლა, ბავშვური ფანტაზიისა და მოზრდილის ემოციების გადაკვეთა. სწორედ ზღაპრებსა და სიზმრებს შორის არსებული ეს წარმოსახვითი სივრცე გახდა კოლექციის მთავარი იდეის წყარო.

მოგვიყევით კოლექციის შექმნისა და მუშაობის პროცესზე.

Reckless-ს სამი დიზაინერი ჰყავს, ძალიან განსხვავებული ხედვებით, რაც პროცესს მრავალეტაპიანს და კოლაბორაციულს ხდის. ჯერ ვირჩევთ თემას, რომელსაც თითოეული დამოუკიდებლად ამუშავებს, შემდეგ ვუზიარებთ იდეებს ერთმანეთს და ვარჩევთ საერთო ვიზუალურ კონცეფციას - ფერებს, ქსოვილებსა და განწყობას. ამის შემდეგ თითოეული დიზაინერი წარმოადგენს საკუთარ ნამუშევრებს და იწყება საბოლოო შეჯერება, სადაც კოლექცია ერთ მთლიან ისტორიად ყალიბდება. RECKLESS TALES & DREAMS ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან ამ კოლექციაში ყველაზე ნათლად გამოვხატეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები. კოლექცია თითქოს ჩვენი პერსონების მიხედვითაა დაყოფილი, რაც გვაძლევდა ექსპერიმენტის შესაძლებლობას როგორც ფერებში, ისე გრაფიკასა და ტექსტურებში. კამპანიისთვის შევქმენით პერსონაჟი Half Sleeper - სიმბოლო იმ დუალიზმის, რაც ზღაპრებსა და სიზმრებს შორის აღმოჩენილ ადამიანს აქვს. ეს არის ნახევრად მძინარე მდგომარეობა, რომელიც ხან უსაფრთხოების, ხან კი შიშის მაუწყებელია. კოლექციის შექმნის დროს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა პერსონაჟი, რომელიც რეალურ სივრცეში ჩვენს წარმოსახვით სამყაროს წარმოადგენდა - მონსტრი, რომელიც არც აშინებს და არც ამშვიდებს. ამ იდეით მივმართეთ უტა ბექაიას, რომელმაც ზუსტად გაიგო ჩვენი მიზანი და თავისი ხედვით შექმნა პერსონაჟი, რომელმაც კოლექციის ძირითადი კონცეფცია იდეალურად გაამყარა"