SKIMS უახლეს საზაფხულო კოლექციას - Riviera-ს წარმოადგენს, რომელიც შთაგონებულია ფრანგული რივიერას ესთეტიკით და აერთიანებს მრავალფეროვან საზაფხულო აქსესუარს, სამოსსა და საცურაო კოსტიუმებს. კოლექციას მიეძღვნა ტონი კელის მიერ გადაღებული Riviera კამპანია, რომელშიც ირლანდიელმა ფოტოგრაფმა თავისი დამახასიათებელი სტილით, ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი კადრები აღბეჭდა. ლაჟვარდოვანი სანაპიროს ფონზე გადაღებული ფოტოები იდეალურად ასახავს საფრანგეთის რივიერას ცხოვრების წესს, ელეგანტურ სტილსა და ზაფხულის განწყობას. ახალი კოლექცია SKIMS-ის კლასიკური, ნეიტრალური პალიტრისგან განსხვავდება და აქცენტს ლურჯ, წითელ და შავ ფერებზე აკეთებს.
კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია საცურაო კოსტიუმები, რომლებიც ვინტაჟური სტილით, მათ შორის 50-იანი წლების სილუეტებითაა შთაგონებული. Riviera-ს კოლექცია საცურაო კოსტიუმებთან და სანაპიროს აქსესუარებთან - თავსაბურავებთან, რაფიის ჩანთებთან და პლაჟის პირსახოცებთან ერთად, ყოველდღიურ კლასიკურ სამოსსაც მოიცავს - იქნება ეს შარვლები, ქვედაბოლოები, კაბები თუ მაისურები. ფერადი კოლექციის რამდენიმე მოდელს სხვადასხვა პრინტი აფორმებს, მაგალითად, ზებრასა და ლეოპარდის პრინტები. აღსანიშნავია, რომ SKIMS-ის ცნობილი Everyday Cotton-ის ხაზიც ახლა სეზონურ განწყობას იღებს და კლასიკური თეთრეული ზაფხულის შესაბამისი სხვადასხვა ფერითაა წარმოდგენილი. SKIMS Riviera-ს ახალი კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.







დაწერე კომენტარი