თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ირლანდიელი ფოტოგრაფი ტონი კელი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი დამახასიათებელი და უნიკალური ხედვით, ფოტოების ფერთა პალიტრის მრავალფეროვნებით, ვიზუალურად შთამბეჭდავი, ხშირად კი ექსტრავაგანტური, პროვოკაციული და თამამი სტილით. კელის კარიერა თავდაპირველად ფოტოჟურნალისტიკით დაიწყო, იგი მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებს და სხვადასხვა კონფლიქტებს აშუქებდა, მათ შორის - რუანდის გენოციდსა და ავღანეთის ომს, თუმცა მოგვიანებით კელის ყურადღება მოდის ფოტოგრაფიამ მიიპყრო.
ბარსელონაში საცხოვრებლად გადასულმა ტონი კელიმ იქაური ყოველდღიური ცხოვრების და კულტურული თავისებურებების აღბეჭდვა დაიწყო და კარიერის დასაწყისშივე საზოგადოებას თავისი გამორჩეული ხელწერით გაეცნო. კელის მთავარი მიზანი იყო შეექმნა ინდივიდუალური და უნიკალური სცენები, დასაწყისიდანვე, ისე როგორც კინორეჟისორი, მუდმივად ეძებდა საინტერესო კინემატოგრაფიულ მომენტებს, მისი ნამუშევრების მთავარი კონცეფცია სწორედ ამბის თხრობას ეფუძნება და ფოტოებს მიღმა არსებული ისტორიების ამოკითხვაა, როგორც თავად აღნიშნავს, თითოეული მისი გადაღებული ფოტო ფილმისა და ცხოვრების ერთ, განსაკუთრებულ კინემატოგრაფიულ მომენტს ემსგავსება.
ბარსელონიდან კელის შემდეგი გაჩერება ლოს-ანჯელესი აღმოჩნდა, სადაც ფოტოგრაფი დღემდე ცხოვრობს, სწორედ აქ დაიწყო მისი მთავარი მიზნის განხორციელება და შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ნამუშევარი, მოდის და სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისთვის სარეკლამო კამპანიები. კელის ნამუშევრები ხასიათდება მკვეთრი ფერებით, კინემატოგრაფიული, თეატრალური და ელეგანტური ხასიათით. სხვადასხვა პარალელის და ფოტოგრაფების ხედვის მსგავსების გამო, კელის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თანამედროვე ჰელმუტ ნიუტონს.
დაწერე კომენტარი