დრიუ ჯარეტი წარმოშობით ინგლისელი ფოტოგრაფია, მისმა უნიკალურმა ხედვამ და მიდგომამ კარიერის დასაწყისშივე მოუტანა პოპულარობა და დღეს მისი სახელი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ფოტოგრაფიის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ჯარეტის შემოქმედება სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, იქნება ეს მოდა, რეკლამა, დოკუმენტური თუ სახელოვნებო ფოტოგრაფია. "მე გავხდი ფოტოგრაფი, რადგან მიყვარს ადამიანები, სინათლე, ენერგია და სილამაზე, რომელიც ჩვენ გარშემოა - მიყვარს ამ ყველაფრის ჩემი უნიკალური გზით გადაღება." - აღნიშნავს ფოტოგრაფი.
დრიუ ჯარეტი წლების განმავლობაში თმის სტილისტად მუშაობდა, მოგზაურობის პერიოდში მან აღმოაჩინა, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად იღებდა შთაგონებას თმის კეთებით და გადასაღებ მოედანზე ფოტოგრაფების საქმიანობით მეტად ინტერესდებოდა. დროთა განმავლობაში ჯარეტმა თავად დაიწყო ფოტოების გადაღება, მოგზაურობდა მსოფლიოში და კადრზე აღბეჭდავდა უამრავ ადამიანსა და ადგილს. ფოტოების გადაღება დაახლოებით 1992 წელს დაიწყო, თავდაპირველად ჯარეტი ფოტოებს საკუთარ ოჯახის წევრებს უღებდა.
დრიუ ჯარეტის ფოტოგრაფია ხაზს უსვამს ლამაზ და თავდაჯერებულ სილუეტებს, ფოტოების გადაღებისას ის მუდმივად ყურადღებას ამახვილებს შეგრძნებებზე, ბუნებრივ ემოციებსა და ენერგიაზე. სწორედ ამ ემოციური მიდგომით, ჯარეტის კომპოზიციები მრავალფეროვანია და კარგად ჩანს თითოეული სუბიექტის ენერგია. ჯარეტის კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილია მისი გამოშვებული წიგნები. მათ შორისაა პირველი წიგნი, სახელწოდებით - 1994, რომელიც მოიცავს ფოტოგრაფის კარიერის დასაწყისს, 1993-94 წლებში გადაღებულ საარქივო ფოტოსურათებს, რომლებშიც შეხვდებით მარიო სორენტის, ქეით მოსს, სტელა ტენანტსა და კრისტენ ოუენს. ჯარეტის კიდევ ერთი გამორჩეული წიგნია Guinevere, რომელიც მოდელ Guinevere van Seenus-თან თანამშრომლობით 2017 წელს გამოვიდა. ასევე, ჯარეტმა დაწერა წიგნი Jungle Dreams, რომელიც ასახავს Muay Thai-ს მებრძოლების ჯგუფს ტაილანდის ჯუნგლებში 2001 წელს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, არის ის, რომ არასოდეს დავნებდე. თქვენ მუდმივად უნდა გააგრძელოთ სვლა და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მაგალითად, ჩემი წიგნის - 1994-ის გამოქვეყნებას 24 წელი დასჭირდა..." ჯარეტის გადაღებულ ფოტოებს არაერთ გამოცემაში ვხვდებით, მათ შორის არის Vogue, LOVE Magazine, GQ Style, Harper's Bazaar, Another Magazine და Self Service, მისი სარეკლამო კამპანიები მოიცავს ისეთ ბრენდებთან მუშაობას, როგორებიცაა Jil Sander, Adidas, Levis, Nike, Alexander Mcqueen, Narciso Rodriguez, Cavalli Perfume და სხვები.
დაწერე კომენტარი