მუს ლამრაბატი მრავალფეროვანი პორტფოლიოს მქონე ფოტოგრაფია, რომელიც თავისი შემოქმედებით იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა იდენტობა, მრავალფეროვნება და თვითგამოხატვა, მის ნამუშევრებს ახასიათებს თამამი, გამორჩეული სტილი და მკვეთრი ფერები, ხშირად შეხვდებით სიურრეალისტურ კომპოზიციებს, თანამედროვე და ტრადიციული ელემენტების უნიკალურ შერწყმას.

მუს ლამრაბატმა განათლება ინტერიერის არქიტექტურის განხრით მიიღო, თუმცა სწავლის დასრულებიდან მალევე ინტერესები შეეცვალა, საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში აღმოაჩინა და თავისი დამახასიათებელი სტილით მოდის ფოტოგრაფიაში ჩაერთო. მაროკოში დაბადებული ლამრაბატი ბელგიაში გაიზარდა, სწორედ მისი გამოცდილება, სხვადასხვა კულტურის ახლოს გაცნობა ფოტოგრაფის ნამუშევრების განსაკუთრებული და ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ფოტოგრაფი კონტრასტული სამყაროს ხასიათს ფერების, გამოსახულებების და დეტალების ზედმიწევნით შეხამებით წარმოადგენს. 

მუს ლამრაბატის ფოტოებში ხშირად შეხვდებით პოპკულტურის სხვადასხვა გამოსახულებებს, ბრენდის ლოგოებსა და პროდუქტებს.  მისი შემოქმედების მთავარი ნაწილია პორტრეტები, ადამიანები სხვადასხვა სამოსით, როგორც მაღალი მოდის და თანამედროვე სტილის, ისე ტრადიციული, კონკრეტულად მაროკოს ეროვნული და ისლამური მემკვიდრეობის აღმნიშვნელი ტანსაცმლით და ორივე მათგანის სინთეზით. კულტურული მოტივების, ქვეყნების ესთეტიკის და ტრადიციების შერწყმა ლამრაბატის შემოქმედებაში ხაზს უსვამს მრავალფეროვნებას.

ლამრაბატი ქმნის ვიზუალურ ნარატივს, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს სხვადასხვა დაწესებულ ნორმას და თავისი ფოტოებითა და კონკრეტული მესიჯებით თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვისკენ სწრაფვას შთააგონებს. საინტერესო და ორიგინალური ხედვით, უნიკალური სტილით და თავისუფლად გამოხატული სათქმელით ლამბარატმა მოდის ფოტოგრაფიაში თამამად შეაბიჯა. მისი გადაღებული ფოტოები მოხვდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა Vogue Arabia და GQ.



ფოტოს წყარო: Mous Lamrabat