საერთაშორისოდ ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა - Henrik Purienne-მ სახელი გაითქვა ქალების გამოსახულებებზე ორიენტირებული ფოტოგრაფიითა და ვინტაჟური ესთეტიკით, გარდა ამისა, იგი არის კინორეჟისორი და მოდისა და კულტურის ჟურნალის, Mirage Magazine-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. Purienne-მა თავისი კარიერა დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო, მისი შემოქმედება კი დღესდღეობით აერთიანებს სარეკლამო კამპანიებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისა და ჟურნალებისთვის,  როგორებიცაა - Maison Margiela, Saint Laurent, Louis Vuitton, Vogue, Playboy, Interview Magazine და American Apparel. 

Henrik Purienne სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მთიან ქალაქში გაიზარდა, სადაც სწავლობდა ხელოვნების ისტორიასა და ფოტოგრაფიას უგო ნაუდის ხელოვნების სკოლაში. მან თავდაპირველად კინოსკოლიდან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები და შემდგომ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში, სადაც დოკუმენტურ ფილმებს იღებდა. იგი ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული არქიტექტურითა და დიზაინით და ძალიან ხშირად იღებდა სურათებს - ობიექტივში მეგობრებს და უცხო ადამიანებს აღბეჭდავდა ხოლმე. როგორც Purienne იხსენებს, კოდაკის ფოტოაპარატს მისი დეიდა მუდმივად ჩანთით ატარებდა, თავად კი ძალიან პატარა ასაკში, დაახლოებით 5-6 წლისა ხშირად თხოვდა აპარატს და სხვადასხვა კადრებს იღებდა.

წლების შემდეგ Henrik Purienne გერმანელ არტ დირექტორ ფრანკ როჩოლს შეხვდა, რომელთანაც საერთო ინტერესები გამონახა, მათი გაერთიანების შედეგად კი Mirage Magazine დაფუძნდა, რომელიც ფოტოგრაფის უამრავ საინტერესო ნამუშევარს აერთიანებს. პარალელურად, იგი მუდმივად მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე, ჟურნალებისთვის და წამყვანი მოდის სახლებისთვის, და დღეს მისი კამერით არაერთი ბრენდის ცნობილი სარეკლამო კამპანია იქმნება.

Henrik Purienne როგორც ფოტოგრაფი, არ არის ტენდეციების მიმდევარი და არასდროს აინტერესებს მიმდინარე ტრენდები, მისი შემოქმედება ძირითადად ნოსტალგიურ და ვინტაჟურ ხასიათს ატარებს. ფოტოგრაფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოა, როგორც თავად აღნიშნავს, აქვს ღრმა ემოციური კავშირი და რეაქცია ამა თუ იმ ობიექტსა და ადამიანზე, შესაბამისად, როგორც მუშაობაზე, ისევე განწყობაზე მისი გარემოცვა და ზოგადი გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს. 

Henrik Purienne-ს დახვეწილი, ვინტაჟური სტილი და მისი დეტალებისადმი განსაკუთრებულ ხედვა მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის. ფოტოგრაფის თვალით დანახულ თანამედროვე სამყაროში თითქმის ყოველთვის ანათებს მზე, რომელსაც ხშირად საცურაო აუზებისა და სანაპიროების ფონზე იღებს, ფოტოგრაფისთვის წყალი ერთ-ერთი შთაგონებაა და მას სიცოცხლის წყაროდაც მიიჩნევს. ასევე, ხშირად ვხვდებით ფოტოებს, რომლებზეც ქალები არიან აღბეჭდილი, ფოტოგრაფი კი აქცენტს მუდმივად მოდელების ბუნებრივ სილამაზესა და ინდივიდუალიზმზე აკეთებს.


ფოტოს წყარო: Purienne, Vogue, C-heads, Paper Magazine, Westwood Westwood