დიზაინის სტუდია Fettle Studio-მ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში სანტა მონიკას უძველესი სასტუმრო - The Georgian აღადგინა. ფირუზისფერი ფასადის მქონე რვასართულიანი სასტუმრო 1933 წელს აშენდა და ადგილობრივებმა მას ,,პირველი ლედი’’ დაარქვეს. Georgian-ს ხშირად სტუმრობდნენ ვარსკვლავები: ჩარლი ჩაპლინი, კლარკ გეიბლი, მერილინ მონრო, ალ კაპონე.
The Georgian სანტა მონიკას გამორჩეულ Palisade-ს პარკთან მდებარეობს და დამსვენებელს კალიფორნიის სანაპიროს ხედით ტკბობის საშუალებას აძლევს. Fettle Studio-მ სასტუმრო აღადგინა წარსული დიდებისა და მისი ორიგინალური ხიბლის შენარჩუნებით, შემოიტანა არტ-დეკოს ეკლექტური სტილი, კონტრასტული და გამოკვეთილი კონტურებით, ფერთა საინტერესო პალიტრით, ხავერდოვანი ტექსტურებით, მორთული განათებებითა და ექსკლუზიური საგნებით, რაც ინტერიერის მრავალფეროვნებას განაპირობებს.
სასტუმროში მდებარე ლობი, თაღოვანი ჭერით, დიზაინერებმა რესტორნად გადააკეთეს, წრიული ბარი კვარცის მაგიდებითა და ხავერდის ავეჯით გააფორმეს. თაღოვანი ჭერის დეტალები კი საგულდაგულოდ აღადგინეს და მაქსიმალურად შეუნარჩუნეს პირვანდელი სახე.
ფირუზისფერს, რომლითაც ფასადია შექმნილი, ინტერიერშიც მრავლად შეხვდებით. ოთახებში, რომლებიც მოწითალო-ვარდისფერი ავეჯითა და ოქროსფერი ელემენტებით არის გაწყობილი, ფირუზისფრის შერწყმა საკმაოდ თამამ, თუმცა დახვეწილ ფერთა პალიტრას ქმნის. სასტუმროში სულ 84 ოთახია დამსვენებლებისთვის, მათ შორის - 28 ლუქსი. გარდა ბიბლიოთეკისა, მცირე ხელოვნების გალერეაც ფუნქციონირებს. Sunset ტერასა, ბარი და რესტორანი წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს.
სასტუმროში ექსკლუზიური მიწისქვეშა რესტორანია, სადაც მკრთალი განათება, დაბალი ჭერი და ინტიმური ატმოსფერო, წითელი კედლებითა და ხავერდოვანი ფარდებით, ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესაკრებ ადგილს მოგაგონებთ. კედლებზე ვინტაჟური, 90-იანი წლების სურათებია, სასტუმროს ისტორიის მაქსიმალურად შესაგრძნობად. კერძების შექმნასა და ზღვისპირა იტალიის სამზარეულოზე შეფმზარეული დევიდ ალმანი ზრუნავს და სტუმრებს იტალიურ-კალიფორნიულ მენიუს სთავაზობს.
ფოტოების წყარო: The Georgian Hotel
დაწერე კომენტარი