საბერძნეთში, არკადიის შუაგულში, მაინალოს მთაზე, 1200 მეტრის სიმაღლეზე უნიკალური არქიტექტურის ისტორიული ნაგებობა მდებარეობს, რომელიც დაცულ ძეგლად არის გამოცხადებული და დღესდღეობით ფუნქციონირებს, როგორც სასტუმრო - MANNA.
გამორჩეული ესთეტიკის, ტყეებით, ტბებითა და მდინარეებით გარშემორტყმულ შენობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. იგი 1929 წლით თარიღდება და ისტორიულად ცნობილია, როგორც “მანას სანატორიუმი”, რომელსაც სახელი მაკედონიის გმირის, პავლოს მელასის დის - ანა მელასის გამო ეწოდა. სწორედ მას უკავშირდება სანატორიუმის შექმნაც. იმდროინდელმა არისტოკრატმა ქალმა თავისი სიცოცხლე დაჭრილი ჯარისკაცებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა მკურნალობას მიუძღვნა. მას პაციენტებისადმი მუდმივი ერთგულებისა და ყურადღების გამო ხშირად ეძახდნენ "ჯარისკაცის დედას" და ამდენი წლის შემდეგაც შენობის სახელწოდება სწორედ მის სახელს უკავშირდება.
1929 წლის ნეოკლასიკური შენობა თანამედროვე მიდგომითა და მინიმალური ინტერვენციით განახლდა, რომელიც K-STUDIO-ს ინტერიერის დიზაინერებმა და არქიტექტორებმა წარსული ისტორიის გათვალისწინებით შექმნეს.
სასტუმროს ფასადს მოზაიკის ნაცრისფერი კირქვა ფარავს. სასტუმროში სულ 32 ნომერია, თითოეულ მათგანს მინიმალისტური დიზაინი გამოარჩევს და ყველა დეტალი საუკუნოვანი ისტორიის შთაგონებით არის შექმნილი. ოთახებიდან უნიკალური ბუნების, მაინალოს ნაძვების ტყის ხედები იშლება. რაც შეეხება სასტუმროს რესტორან MANNA-ს, მასზე შეფმზარეული - ათინაგორას კოსტაკოსი ზრუნავს და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ინგრედიენტებით დამზადებული კერძების მენიუს სთავაზობს, რომელიც ბერძნულ ტრადიციულ სამზარეულოს ეფუძნება.
იმისათვის, რომ დამსვენებლებმა ადგილობრივი გარემო და ცხოვრების სტილი მაქსიმალურად შეიგრძნონ, სასტუმრო მათ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს, მათ შორის - ტყეში სოკოს დასაკრეფად გასვლას, მდინარეზე კანოეთი, მთაში კი ველოსიპედით და ცხენით გასეირნებას. დამსვენებელს ასევე საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს თაფლის ამოღების პროცესში და ადგილობრივი ,,ნაძვის თაფლი’’ დააგემოვნოს. კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება კი ტრადიციული, კლდეზე აშენებული ქვის სოფლის მონახულებაა, სადაც ბიზანტიური მონასტრები მდებარეობს და მდინარე ლუსიოსა და ისეთ ისტორიულ ადგილებს გადაჰყურებს, როგორიცაა უძველესი ოლიმპია და აპოლონის ტაძარი.
ფოტოების წყარო: MANNA
დაწერე კომენტარი