2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის 96-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში 10 მარტს გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის ფილმი - ,,ოპენჰაიმერი" გახდა, რომელიც ყველაზე მეტ, 13 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 7 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, ოპერატორის, მონტაჟისა და საუნდტრეკის კატეგორიებში.
რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა - კილიან მერფიმ კი პირველი ოსკარი მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა; ჯილდო გადაეცა რობერტ დაუნი უმცროსსაც, რომელმაც ფილმში ლუის შტრაუსის როლი შეასრულა და გაიმარჯვა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში. ამავე კატეგორიის - საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო დევაინ ჯოი რენდოლფმა ფილმ ,,The Holdovers”-ში მონაწილეობისთვის მიიღო.
რაც შეეხება იორგოს ლანთიმოსის ,,Poor Things"-ს, ფილმმა 4 ჯილდო დაიმსახურა - საუკეთესო მხატვრობის, კოსტიუმების დიზაინის, გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიებში, ემა სტოუნი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ეს მისთვის მეორე ოსკარია, მან პირველად ჯილდო 2017 წელს ,,ლა ლა ლენდისთვის" მოიპოვა.
საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი მიიღეს ბილი აილიშმა და ფინიეს ოკონელმა გრეტა გერვიგის ფილმის - „ბარბის“ სიმღერისთვის, სახელწოდებით ,,What I was made for". ,,ბარბი" 8 სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული, თუმცა სიმღერისთვის გადაცემული ჯილდო ერთადერთი აღმოჩნდა ფილმისთვის.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარი გადაეცა ჯონათან გლაზერის ფილმს - „ინტერესის ზონა“. საუკეთესო ანიმაციური ფილმი ჰაიაო მიაძაკისა და ტოსიო სუძუკის „ბიჭი და ყანჩა“ გახდა.
ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო მიიღო კორდ ჯეფერსონის „ამერიკულმა ფიქციამ“, ხოლო რაც შეეხება ორიგინალურ სცენარს, ამ კატეგორიაში იუსტინ ტრიესა და არტურ ჰარარის ,,დაცემის ანატომიამ” გაიმარჯვა.
ვიზუალური ეფექტებით გამორჩეული, გამარჯვებული ფილმი ტაკაში იამაზაკის, იაპონური ,,Godzilla Minus One” გახდა. საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად კი უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ დასახელდა. ეს ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმი, რომელმაც ოსკარი მიიღო.
ფოტოების წყარო: Variety, Vogue, BBC, Vanity Fair
დაწერე კომენტარი