3 და 4 აპრილს, 20 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრი უმასპინძლებს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკუძის პროექტს - „ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართული ანიმაციიდან“, რომელიც მაყურებელს თითქმის ერთ საუკუნოვან ქართული ანიმაციის ისტორიაში ამოგზაურებს და სხვადასხვა ეტაპზე შექმნილ დასამახსოვრებელ სიუჟეტებს გააცოცხლებს, რომელთა მრავალფეროვანი ბუნება და ხასიათი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საინტერესოა.
დადგმა, რომელიც ქართული შედევრების ისტორიებს მოჰყვება, ისეთ მულტიპლიკაციურ ფილმებს მოიცავს, როგორებიცაა - ,,წუნა და წრუწუნა’’, ,,კომბლე’’, ,,ხელმარჯვე ოსტატი’’, ,,სოფლის მაშენებლები’’, ,,სიზმარა’’, ,,ბატი ტასიკო’’ და მრავალი სხვა. სიუჟეტები მოზარდებს ბავშვობაში დააბრუნებს, სხვადასხვა მოგონებებსა და ნოსტალგიურ განწყობას გაუღვიძებს, ხოლო პატარებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ ქართული ანიმაციის უნიკალურობა.სცენაზე საინტერესო ისტორიებთან ერთად სხვადასხვა პერიოდში ქართული ანიმაციისთვის შექმნილი ჰანგები გაჟღერდება, მუსიკალური დღესასწაულის შექმნაზე შემსრულებლები - ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მანანა თოდაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, დათო ნოზაძე, თეატრალური კვარტრეტი და ვოკალის აკადემიის კვარტეტი იზრუნებენ. მუსიკალური ნაწილი ბენდის თანხლებით იქნება წარმოდგნილი, რომელსაც ნიკოლოზ ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს.
პროექტზე ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად მუშაობენ რეჟისორი - ნიკა საბაშვილი, სცენარის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი, მხატვარი - ვახო ქორიძე, ვიდეო რეჟისორი - გვანცა მეფარიშვილი და მუსიკალური პროდიუსერი - ნეკა სებისკვერაძე.პროექტის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, Mastercard და თიბისი კონცეპტი Mastercard ბარათების მფლობელებზე ვრცელდება შემდეგი ფასდაკლება: -20% თიბისი ბანკის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას -30% თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას.
„ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართული ანიმაციიდან“ - პროექტის იდეის, ღონისძიების, მასთან დაკავშირებული მუსიკალური ნაწილისა და ქართული ანიმაციის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ვრცლად მოგვიყვება ნიკოლოზ წულუკიძე:
ნიკა, მოგვიყევით, როდის და როგორ გაჩნდა იდეა, გაგეცოცხლებინათ ქართული ანიმაციები და მაყურებლისთვის მასთან დაკავშირებული ამბები მოგეყოლათ?
როგორც კი ვნახე ქართული ანიმაციის გაფერადებული ვერსია, რომლის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცოდა, გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, რომელიც ბავშვებს ქართული ანიმაციის შესახებ ინტერესს გაუღვიძებდა და მათ ხელახლა წარვუდგენდით გაფერადულ ვერსიებს, რომლებიც ახალ სიცოცხლეს დაიწყებს პატარებთან ურთიერთობით, რადგან მანამდე ანიმაციების ფირები იყო გახუნებული და ძველი, ბავშვები სამწუხაროდ, აღარ უყურებდნენ ქართულ ანიმაციას. სწორედ ეს არის პროექტის მთავარი იდეა და მიზანიც - დავაინტერესოთ ბავშვები და გავაცოცხლოთ უნიკალური, შესანიშნავი მემკვიდრეობა.
მოგვიყევით ქართული ანიმაციების ისტორიის შესახებ, რა მნიშვნელობას და დატვირთვას ატარებს თითქმის საუკუნოვანი თავგადასავალი?
ქართული ანიმაციისთვის სცენარს წერდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან - რეზო გაბრიაძე, რევაზ ინანიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო თაბუკაშვილი, მიშა კობახიძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი... ხატავდნენ - ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, მამია მალაზონია... კომპოზიტორები - რევაზ ლაღიძე, ჯანსუღ კახიძე, მერი დავითაშვილი, ნუნუ გაბუნია, ალექსანდრე ბასილაია... სწორედ ეს თავად გენიალური და საოცარი ადამიანები ქმნიდნენ ფემომენალურ ნამუშევრებს - ქართულ ანიმაციებს. ანიმაციის ისტორიას ბევრი სირთულე და რთული პირობები უკავშირდება, ლადო მუჯირმა საკუთარი პალტო გაყიდა იმისათვის, რომ ანიმაციური სტუდიის ფუნქციონირების გასაგრძელებლად ინვენტარი შეეძინა, თუმცა მას სტუდია დახურული დაახვედრეს და პალტოს ფულით ნაყიდი ინვენტარი ერევნის ანიმაციურ სტუდიას გაუგზავნეს. ლადო მუჯირის გარდაცვალების შემდეგ, სტუდია აღადგინა ვახტანგ ბახტაძემ, დიდი როლი აქვს ასევე არკადი ხინთიბაძეს, რომელსაც უკავშირდება “ჩხიკვთა ქორწილის”, “წუნა და წრუწუნას” და კიდევ უამრავი ანიმაციის შექმნა მაყურებლისთვის. ამ გენიალურმა ქართველ ანიმატორებმა შექმნეს საოცარი ეპოქა და დაგვიტოვეს უმნიშვნელოვანესი, ძალიან ღირებული საგანძური.
რომელ მულტიპლიკაციურ ფილმებს მოიცავს ,,ჯადოსნური ეკრანი", როგორ შეირჩა თითოეული მათგანი?
პროექტი მოიცავს უამრავ მულტიფლიკაციურ ფილმს, მეტად გავაკეთეთ აქცენტი მუსიკალურ ფილმებზე, რომ ეს შედევრები ერთგვარად - მუსიკალური სანახაობით გადმოგვეცა.
რომელია თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული ანიმაცია?
“თოვლის გუნდა” - წვიმად გადავიქეცი, ეს არის ანიმაცია, რომელიც ვერავის ტოვებს გულგრილს და შეუძლებელია მისი ყურების შემდეგ გული არ აგიჩუყდეს, ატარებს ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას, არის ცხოვრების ფილოსოფიის ერთგვარი გამოვლინება. ასევე, ჩხიკვთა ქორწილი - ვაჟა-ფშაველას საოცარი და გენიალური შედევრი. თავის მხრივ კი, ვფიქრობ, ყოველი მათგანი გამორჩეულია, თითოეულ ანიმაციას აქვს თავისი უნიკალური ღირსება, მნიშვნელობა და ხასიათი.
როგორც ვიცით, სცენაზე საინტერესო ისტორიების გარდა, მოეწყობა მუსიკალური დღესასწაული, რომელიც ანიმაციებისთვის შექმნილი ჰანგების გაჟღერებას მოიცავს, რა როლი აქვს ანიმაციის ისტორიაში და თქვენს პროექტში მუსიკალურ ნაწილს?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა განსაზღვრავს ამ მულტიპლიკაციურ ფილმებს. პირველად ლადო მუჯირმა გადაიღო “არგონავტები”, რომლისთვისაც მუსიკა დაწერა შალვა აზმაიფარაშვილმა, სწორედ იმ დღიდან მოყოლებული, გენიალური ქართველი კომპოზიტორები წერდნენ შედევრებს ანიმაციებისთვის. ჩვენი პროექტიც მეტად მუსიკალურია, მღერიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტრეტი, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, გიორგი სუხიტაშვილი, დავით ნოზაძე, რანინას ბავშვები - ერთმანეთზე უკეთესი და საოცარი ქართველი მომღერლები, მაესტრო - ნიკოლოზ ნიკვაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნეკა სებისკვერაძე.
პროექტი საინტერესოა როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. გარდა იმისა, რომ თითოეულ ადამიანს გაუღვიძებს მოგონებებს და ერთგვარ ნოსტალგიას, როგორი მოლოდინი გაქვთ ბავშვების მხრივ, ფიქრობთ თუ არა, რომ ღონისძიება მათ შთააგონებს ქართულ ანიმაციებს უყურონ?
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, სწორედ ეს არის პროექტის მთავარი მიზანი - იყოს განმსაზღვრელი იმისა, რომ სახლში დაბრუნებულმა პატარებმა, გულანთებულებმა, დიდი ინტერესით ჩართონ და უყურონ ქართულ ანიმაციას.
როგორი გაგრძელება აქვს ქართული ანიმაციის ისტორიას, რას იტყვით დღევანდელ ანიმაციაზე?
აუცილებლად აღვნიშნავ ჟირაფ ჟოზეს, ანიმაციას, რომელსაც აქვს ძალიან დიდი, საერთაშორისო წარმატება და ჩვენს ნაწარმოებშიც მაყურებელი შეხვდება ამ ძალიან საინტერესო თანამედროვე ქართულ ანიმაციას.
ღონისძიებაზე დასწრების სურვილი ძალიან დიდია, აპირებთ თუ არა ამ პროექტის წარმოდგენები გააგრძელოთ და ისევ გამართოთ?
დიახ, ყველაზე მთავარი ინდიკატორი არის მაყურებელი, ვხედავთ სზოგადოების დიდ ინტერესს, შესაბამისად, ჩვენც გვაქვს უდიდესი სურვილი, რომ ბევრ ადგილას წარვდგეთ და იმედია, გამოგვივა.
დაწერე კომენტარი